ბელგიის ნაკრების მწვრთნელი: "ქართველებმა ბოლომდე იბრძოლეს და მიზანს მიაღწიეს..."
21-წლამდელთა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდა და 2:0 ჩამორჩენისა და მეორე ტაიმში ჩინებული თამაშის ხარჯზე, მატჩი 2:2 დასრულდა.
2 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 4 ქულით პირველ პოზიციას იკავებს.
მატჩის შემდეგომ პრესკონფერენციაზე, საქართველოსთან ჩატარებული მატჩი, ბელგიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ჯეკი მატეისენმა შეაფასა.
"ჩვენ ვიხილეთ საქართველოს ნაკრები, რომელიც ძალიან ეფექტური იყო. მეტოქემ ორი შანსი შექმნა და ორივე გამოიყენა. ჩვენ მეტი საგოლე შანსი გვქონდა, მაგრამ ასეთი ეფექტურები არ ვიყავით. სამწუხაროა, რომ ჩვენი შანსებით ვერ ვისარგებლეთ.
ნაადრევად ხომ არ ვირწმუნეთ გამარჯვება? შესაძლოა, შეცდომები დავუშვით, მაგრამ მეტოქე რა დონისაც იყო, ეს წინასწარ ვიცოდით - საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა და მიზანს მიაღწია. ასეთ ტურნირზე შეცდომებს არავინ გპატიობს".
შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 27 ივნისს, ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 20:00 საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" გაიმართება.