Belive

ბარსელონას ვალი €1.2 მილიარდს შეადგენს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ბარსელონამ" წლიური ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც კორონავირუსის პანდემიისა და ძვირადღირებული ტრანსფერების შედეგები ნათლადაა ასახული. ანგარიშში ასახულია, რომ კატალონიურ გუნდს ვალის სახით €1.2 მილიარდი მართებს და აქედან, მოკლე ვადაში გადასახდელი თანხა €730 მილიონს შეადგენს. ყველაზე დიდ თანხას "ბლაუგრანა" ფეხბურთელების ანაზღაურებაში ხარჯავს, რომელიც გუნდის შემოსავლის 74%-ს შეადგენს. Goal.com-ის წყაროს თანახმად, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, გუნდის ხელმძღვანელობა ფეხბურთელებთან ანაზღაურების შემცირებას განიხილავს.

ვალები ევროპულ კლუბებთან

"ბარსელონას" ბოლო წლებში განხორციელებული ტრანსფერების თანხა ბოლომდე გადარიცხული ჯერ კიდევ არ აქვს და ჯამში €126 აქვს გადასახდელი. მაგალითისთვის:
  • €29 მილიონი ლივერპულისთვის ფელიპე კოუტინიოს სანაცვლოდ;
  • €16 მილიონი აიაქსისთვის ფრენკი დე იონგის სანაცვლოდ;
  • €10 მილიონი "ბორდოსთვის" მალკომის სანაცვლოდ (ზემოთაღნიშნული სამი გუნდი თანხის გადარიცხვას 30 ივნისამდე ითხოვს).
  • €21 მილიონი "გრემიოსთვის" ართურ მელოს სანაცვლოდ
  • €11 მილიონი "ბაიერნისთვის" არტურო ვიდალის სანავლოდ (შეგახსენებთ, ართური და ვიდალი "ბარსელონას" ფეხბურთელები აღარ არიან).
აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ, "ბარსელონასთვის" სატრანსფერო თანხა სხვა კლუბებს აქვთ გადასახდეხდელი. მალკომის ("ზენიტი"), კუკურელასა ("ხეტაფე") და კარლეს პერესის ("რომა") სანაცვლოდ, კატალონიელებმა ჯამში €46 მილიონი უნდა მიიღონ.

სუფთა დავალიანება და პრობლემის მიზეზი

2019-20 წლების სეზონი "ბარსელონამ" €488 მილიონიანი სუფთა დავალიანებით დაამთავრა. ცნობილია, რომ სესხის გადავადებასთან დაკავშირებთ, კატალონიური გრანდი კრედიტორებთან მოლაპარაკებას გეგმავს. თანხის ვერგადახდის მთავარ მიზეზად კატალონიელები კორონავირუსის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს ასახელებენ. მიმდინარე სეზონში, "ბლაუგრანა" ბილეთების გაყიდვიდან €56 მილიონს ელოდებოდა, თუმცა ესპანეთში არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, მეტოქე გუნდებს ცარიელი "კამპ ნოუ" მასპინძლობს და დიდი ალბათობით, შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო წელს კატალონიელებს კვლავ დაკეტილი ექნებათ.  

სხვა სტატიები