ბარახა: "გვჭირდება მეკარე, რომელიც ქულებს მამარდაშვილივით მოგვიტანს"
სანაკრებო შესვენებების შემდეგ, საკლუბო ფეხბურთი და შიდა ჩემპიონატები ბრუნდება. ქართველი ფეხბურთელებიც, რომლებმაც ისტორიული მიღწევა დააფიქსირეს და ეროვნული ნაკრები პირველად, ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანეს, საკუთარ კლუბებში დაბრუნდნენ. 30 მარტს "ვალენსია" მესტალიზე "მალიორკას" მიიღებს, ღამურების მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ბარახამ, პრესკონფერენციაზე მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ თუ გსურთ მიაღწიოთ თქვენს მიზნებს, გჭირდებათ მეკარე, რომელიც გიორგის მსგავსად ქულებს მოგიტანთ. ვფიქრობ, მამარდაშვილი ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, თავისი დონის, ახალგაზრდობის, კარიერის და უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ არ ვიცით სადაა მისი ჭერი - განაცხადა რუბენ ბარახამ
მოსალოდნელია, რომ ვალენსიელები, ამ ზაფხულს, ფეხბურთელების კარგ ფასად გაყიდვით არიან დაინტერესებული. გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე, ყველაზე დიდი შეთავაზება მამარდაშვილის მიმართ იყო, ქართველ მეკარეს ვალენსია შარშან 25 მილიონად აფასებდა და რადგან ამ კალიბრის შემოთავაზება არ მოსულა, არ გაყიდა. ახლა უკვე გიორგის სატრანსფერო ღირებულება, Transfermarket-ის მიხედვით 10 მილიონით არის გაზრდილი და ყველაზე ხშირად სახელი, რომლის ინტერესიც გუნდებს ვალენსიასგან აქვთ, სწორედ გიორგი მამარდაშვილია.