Belive

ავსტრია არ ელოდა, რომ ალჟირი მესამე გოლსაც გაუტანდა

2 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი საოცრად ქაოტური შეხვედრით დასრულდა. ალჟირსა და ავსტრიას შორის მატჩში, წინასწარ ვიცოდით, რომ ფრე ორივე გუნდს ხელს აძლევდა, ამიტომ გამუდმებით ტრიალებდა ის შეგრძნება, რომ შესაძლოა „ხიხონის სირცხვილი“ გამეორებულიყო (1982 წლის ესპანეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის სამარცხვინო მატჩი / დასავლეთ გერმანიამ ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ავსტრია 1:0 დაამარცხა, რის შედეგადაც ორივე გუნდი გავიდა პლეი-ოფში, ალჟირი კი ჩატოვეს).

ალჟირი და ავსტრია ერთმანეთს J ჯგუფის ბოლო შეხვედრაში იმის ცოდნით შეხვდნენ, რომ ფრე ორივეს გაიყვანდა ჯგუფიდან (ირანის ხარჯზე). მატჩი მართლაც ფრედ დასრულდა (3:3), თუმცა განვითარებული მოვლენები ეწინააღმდეგება შეთქმულების თეორიას, თითქოს გუნდები ამაზე მორიგდნენ.

რა მოხდა მატჩში?

ავსტრიამ ანგარიში 28-ე წუთზე, მარკო არნაუტოვიჩის გოლით გახსნა.

რაფიკ ბელღალიმ 45-ე წუთზე ანგარიში 1:1 გახადა.

მარსელ ზაბიცერმა ავსტრიას ლიდერობა 55-ე წუთზე აღუდგინა.

რიად მაჰრეზმა ხუთი წუთის შემდეგ ანგარიში კვლავ გაათანაბრა.

ალჟირის კაპიტანმა, 93-ე წუთზე დუბლი შეასრულა - გოლი, რომლითაც ავსტრიას გააგდებდა და ირანს პლეი-ოფში გაიყვანდა.

რამდენიმე წამის შემდეგ, საშა კალაჯიჩმა (96-ე წუთზე) გაიტანა დრამატული გოლი, ანგარიში 3:3 გახადა და ორივე გუნდი პლეი-ოფში გავიდა.

აშკარაა, რომ შეთქმულების თეორიტიკოსებისთვისაც ძნელი წარმოსადგენი იყო ასეთი სცენარი, თუმცა გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ავსტრიელები მაინც არ ელოდნენ, რომ დამატებით დროში ალჟირი მათ გოლს გაუტანდა. მარკო არნაუტოვიჩი, თითქოს, ავსტრიელებს, დაუწერელი კანონის შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.

სხვა სტატიები