Belive

არსებობს მხოლოდ ერთი მილიარდერი ფეხბურთელი - კრიშტიანუ რონალდუ

7 საათის წინ ფეხბურთი
9 წთ

თქვენ რომ დღეში 10,000 დოლარს გამოიმუშავებდეთ, თითქმის 400 წელი დაგჭირდებოდათ იმისთვის, რომ კრიშტიანუ რონალდუსავით გამდიდრებულიყავით. Bloomberg-ის თანახმად, პორტუგალიელი ფეხბურთელის ქონება $1.4 მილიარდს შეადგენს. ამ მაჩვენებლით, იგი ჯორდანის, ლებრონისა და ფედერერის კალიბრის სპორტსმენთა სიაში ხვდება, თუმცა ასევე, რონალდუ გამონაკლისსაც წარმოადგენს: პორტუგალიელი ბიჭი, რომელიც ერთ დროს McDonalds-ის გარეთ იდგა და ფულს ითხოვდა, დღეს, დღეს მილიარდერთა სიაში მყოფი ერთადერთი ფეხბურთელია.

გარკვეული მიზეზების გამო, ჩვენ, ადამიანებს, სიები და სტატისტიკები ძალიან გვიყვარს. ჩვენ მათ სხვადასხვა მახასიათებლების (მაგალითად, ფულის) მიხედვით ვაჯგუფებთ ხოლმე. Forbes-მა ამაზე მთელი ბიზნეს მოდელი ააგო. მოგვიანებით, Bloomberg-მაც გადაწყვიტა, რომ მდიდარი ადამიანების რეიტინგი მასაც უნდა ეწარმოებინა. ორივე კომპანია ისეთ ანალიტიკოსებთან თანამშრომლობს, რომლებიც უამრავ მონაცემს იკვლევენ და მილიარდერთა ქონების ცვლილებებს ასაჯაროვებენ. თუმცა ცხადია, ამ რიცხვებს ბოლომდე არ უნდა ვენდოთ. ერთადერთი, ვინც ზუსტად იცის, რამდენი ფული აქვს რონალდუს, თავად რონალდუა, ან შესაძლოა იმ ადამიანმა, რომელზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ.

მილიარდერი სპორტსმენების უმეტესობა ფულს სამი გზით გამოიმუშავებს: კარიერული შემოსავლები (უშუალოდ, სპორტით გამომუშავებული ფული), სპონსორებთან თანამშრომლობა და ხშირად, კარიერის მიწურულს, საკუთარი ბიზნესის ფლობა.

რონალდუ იყო და არის უზომოდ წარმატებული ფეხბურთელი, რამაც მისი მილიარდერობისკენ მიმავალი გზა დიდწილად განაპირობა. ევროპაში გატარებული 20-ზე მეტი წლის განმავლობაში, რონალდუ საფეხბურთო მოედანზე დომინირებდა. ლისაბონი, მანჩესტერი, მადრიდი, ტურინი - სადაც არ უნდა ეთამაშა, წარმატება მას თან სდევდა. მასთან ერთად, ცხადია, დიდძალი ფულიც.

2002 წლის პროფესიონალური დებიუტიდან 2023 წლამდე, დათვლილია, რომ რონალდუმ ხელფასების სახით ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. რა თქმა უნდა, ამ ფულს აკლდება გადასახადები, აგენტებისა და მენეჯერების წილები, ასევე კრიშტიანუ რონალდუდ ყოფნის ხარჯები. ეს იმას ნიშნავს, რომ მას შემდეგაც, რაც მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შესაძლებელი იყო - რონალდუ მილიარდერის სტატუსს მაინც ასობით მილიონით იყო დაშორებული.

რა შეიცვალა მას შემდეგ?

უკანასკნელ პერიოდში, კრიშტიანუ პლანეტის ყველაზე ცნობილი ადამიანი გახდა. სოციალურ მედიაში მასზე მეტი გამომწერი არავის ჰყავს (Instagram-ზე მისი გამომწერების რაოდენობა 671 მილიონს აჭარბებს). ასეთი პოპულარობა ბრენდებისთვის წარმოუდგენლად მიმზიდველს გხდის. სახიფათოსაც კი. მაგალითისთვის, გავიხსენოთ Coca-Cola, რომელსაც ოფიციალური განცხადების გაკეთება მოუწია მას შემდეგ, რაც რონალდუმ პრესკონფერენციაზე მათი ბოთლები გვერდით გადადო და გამოაცხადა: "წყალი დალიეთო".

სამაგიეროდ, რონალდუსთან ჩინებული ურთიერთობა აქვს Nike-ს. გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელი ამერიკული კომპანიისგან წელიწადში 18 მილიონ დოლარს იღებს - თანაც, უვადო კონტრაქტის ფარგლებში. მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ბრენდები რონალდუს ისევე ეხვევიან გარს, როგორც გულშემატკივრები სელფის გადასაღებად. Armani, Tag Heuer, Castrol, Herbalife, Louis Vuitton... ბრენდების ჩამონათვალი ვრცელია. იმასაც გაგახსენებთ, რომ ერთ დროს, პორტუგალიელი Instagram-ზე გამოქვეყნებული პოსტებით უფრო მეტს გამოიმუშავებდა, ვიდრე "იუვენტუსის" კონტრაქტით.

საერთო ჯამში, სპონსორობამ და სარეკლამო გარიგებებმა მის ქონებას მინიმუმ $175 მილიონი შემატა. თუმცა ეს ამით არ სრულდება.

თუ მთელი მსოფლიო ყურადღებას გითმობს, რატომ უნდა გაუწიო რეკლამა მხოლოდ სხვის ბრენდებს, როცა შეგიძლია საკუთარი შექმნა?

მიგელ მარკესი

CR7 - ყველამ იცის ეს სიმბოლო. საკუთარი ბრენდის ქვეშ, რონალდუ ჰყიდის ფეხსაცმელს, პარფიუმერიას და კიდევ ბევრ სხვას. მისი პროდუქტების უმეტესობა მაღალი მოდის ან ფუფუნების საგნები არ გახლავთ. ისინი ფართო ბაზრისთვისაა გათვლილი, რათა პორტუგალიელის მილიონობით ფანმა შეძლოს რონალდუს ბრენდის მატარებელი აქსესუარის, სამოსის ან ნივთის შეძენა. და სწორედ ახლა, ჩვენ მივედით შემოსავლის შემდეგ წყარომდე - საკუთარ ბიზნესებამდე და ინვესტიციებამდე.

ბიზნესისა და ფინანსების მართვაში რონალდუს ეხმარება ადამიანი, რომელიც მასზე ისევეა შეპყრობილი, როგორც რონალდუ - საკუთარი თავით. მისი სახელია მიგელ მარკესი. ამ ლისაბონელ ფინანსურ მენეჯერზე ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა ვიცით, რომ ის არის LM Capital Wealth Management-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომლის ოფისიც ლისაბონში, Louis Vuitton-ის მაღაზიის თავზე მდებარეობს, მისი კომპანია კი მსხვილ კლიენტებს ქონების მართვაში ეხმარება.

საბანკო სექტორში კარიერის აწყობის შემდეგ, მარკესმა რონალდუს ფინანსური დაგეგმარება ადრეულ ეტაპზევე ჩაიბარა და მისი მთავარი ფინანსური მრჩეველი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, მარკესი რონალდუს მიერ განხორციელებულ ინვესტიციებში მთავარ როლს თამაშობდა.

დიდ სპორტში ფინანსური მრჩევლის ყოლა იშვიათი მოვლენა ნამდვილად არ გახლავთ. მაგალითისთვის, მაიკლ ჯორდანმა დააარსა კომპანია Jump Management, რომელიც მის ფილანტროპულ პროექტებს მართავს. როჯერ ფედერერის საინვესტიციო პროექტები კი კომპანია Team8-ს მიერ იმართება.

მიგელ მარკესის დახმარებითაც კი, რონალდუს მილიარდერობამდე ერთი ნაბიჯი აკლდა. ეს კი გრძელდებოდა მანამ, სანამ მის კარიერაში მოულოდნელი შესაძლებლობა არ გამოჩნდა: 2023 წელს, რონალდუმ "ალ-ნასრთან" კონტრაქტს ხელი მოაწერა. სოციალურ მედიაში მიიჩნევდნენ, რომ პორტუგალიელის კარიერა ამით სრულდებოდა, თუმცა რონალდუმ უკვე კარგად იცოდა, რომ ეს გარიგება მის ფინანსურ ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლიდა.

თავდაპირველი კონტრაქტით, კრიშტიანუ წელიწადში დაახლოებით $200 მილიონს გამოიმუშავებდა, რასაც ბონუსებიც ემატებოდა. 2025 წელს, მან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ფინანსური ანალიტიკოსები ამ კონტრაქტს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მომგებიან გარიგებას უწოდებენ. Bloomberg-ის ცნობით, გარიგების ღირებულება $400 მილიონზე მეტს შეადგენდა.

"ალ-ნასრში" გადასვლის შედეგად, რონალდუს ქონება $1.4 მილიარდს გადასცდა, რამაც ის ყველაზე მდიდარი სპორტსმენების ექსკლუზიურ წრეში შეიყვანა. "ალ-ნასრში" გატარებულ 4 წელიწადში, რონალდუ უფრო მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე წინა ორი ათწლეულის განმავლობაში. თანაც, გაითვალისწინეთ, რომ პრაქტიკულად არ არსებობს გადასახადები, რომლებიც მისი ანაზღაურების ნახევარს წაიღებდა. გარდა ამისა, გარიგება კლუბის 15%-იან წილსაც მოიცავს.

ალბათ გაგიჩნდათ კითხვა და გიპასუხებთ: მესი ამჟამად მეორე ყველაზე მდიდარი ფეხბურთელია, მაგრამ კარიერის დასრულების შემდეგ, ის "ინტერ მაიამის" 10%-იან წილს მიიღებს, რამაც შეიძლება სხვაობა შეამციროს. მათ გარდა, ასევე არსებობს ფეხბურთელი, სახელით ფაიქ ბოლკია, რომელიც ოდესღაც "ლესტერისა" და "ჩელსის" აკადემიის წევრი გახლდათ, მაგრამ მისი მთავარი რეგალია ბრუნეის სულთნის ძმისშვილობაა. შესაბამისად, ისიც მილიარდერ ფეხბურთელად ითვლება, მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა. ასევე, ყოფილმა ფეხბურთელმა, მატიე ფლამინიმ, კარიერის დასრულების შემდეგ ბიო ფარმაცევტულ ბიზნესში შეაბიჯა და მილიარდებსაც მისწვდა, მაგრამ მისი შემოსავლების მთავარი გენერატორი ანტერპრენერობაა და არა ფეხბურთი.

ამჟამად, რონალდუ ოფიციალურად ერთადერთი ფეხბურთელი მილიარდერია. მაგრამ ის, რაც მას მართლაც გამონაკლისად აქცევს, არის გზა, რომლითაც მან ეს შეძლო. მაგალითისთვის, როჯერ ფედერერი მილიარდერი ისე გახდა, რომ საპრიზო ფონდებიდან მხოლოდ 130 მილიონი ჰქონდა გამომუშავებული. მისი ქონება მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც შვეიცარიული ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანია On-ის მეწილე გახდა. მსგავსი ისტორია აქვს მაიკლ ჯორდანსაც: კარიერის განმავლობაში მან მხოლოდ $90 მილიონი დოლარი გამომუშავა, თუმცა „Nike“-თან და „Gatorade“-თან გაფორმებული მრავალწლიანი კონტრაქტებისა და სპორტულ გუნდებში არსებული წილების გამო, იგი სპორტსმენთა სიის სათავეშია.

მათგან განსხვავებით, რონალდუმ ფულის უდიდესი ნაწილი საფეხბურთო კარიერით დააგროვა. ცხადია, ჩნდება კითხვა:

რატომ უხდიან რონალდუს კლუბები ამდენს?

საფეხბურთო კლუბები მის სანაცვლოდ მხოლოდ გოლების გამო არ იხდიან ფულს. ისინი ყიდულობენ:

  • გლობალურ ყურადღებას;

  • მსხვილ სპონსორებს;

  • კრედიტუნარიანობასა და მყისიერ აქტუალობას.

გასული წლების განმავლობაში, ნებისმიერი კლუბისთვის, რონალდუს შეძენა შემოსავლების დაგენერირებას ნიშნავდა: იყიდებოდა მაისურები, მოდიოდნენ ახალი სპონსორები და აუდიტორია მკვეთრად იზრდებოდა (ამ მხრივ, არ გაუმართლა "იუვენტუსს", რომელსაც COVID-19-ის პანდემია დაემთხვა).

რამდენად მდგრადია „რონალდუს ეფექტი“ გრძელვადიან პერსპექტივაში, ამას დრო აჩვენებს. თუმცა ის კოლოსალური თანხები, რომლებსაც კლუბები მასში იხდიან, საბოლოოდ CR7-ის ბრენდის ძალის ამსახველია, რადგან მან საკუთარი თავი ფეხბურთის ყველაზე მძლავრ ინვესტიციად გადააქცია.

მომზადებულია Athletic Interest-ის მიხედვით.

სხვა სტატიები