"აქ მოვედი, როგორც პატარა ბიჭი - მივდივარ, როგორც კაცი" - კვარა ნაპოლის ფეხბურთელი აღარაა
4 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ, ხვიჩა კვარაცხელიამ საკუთარ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის "ნაპოლის" და კლუბის გულშემატკივრებს ემშვიდობება. ხვიჩა კვარაცხელია 5-წლიან კონტრაქტს ფრანგუულ "პსჟ"-თან გააფორმებს.
მიჭირს და რთულია, თუმცა დამშვიდობების დრო მოვიდა. აქ საოცარი პერიოდი გავატარე, ერთად უამრავი მოგონება დავაგროვეთ. ბევრი საოცარი ემოცია განვიცადეთ.
ნაპოლი ჩემთვის სახლი იყო, სადაც თითოეული თგვენგანის დამსახურებით, თავს საუკეთესოდ ვგრძნობდი. ის გზა, რაც ერთად გავიარეთ, ამ წამს თავში მიტრიალებს და ძალიან ემოციურია. პირველი გოლი და განცდები არასდროს დამავიწყდება. ჩემი პირველი ნაბიჯები ამ სტადიონზე, თქვენი გიჟური შეძახილები, ემოციები და მუხტი, რომელიც განსაკუთრებული იყო, როგორც საშინაო, ისე გასვლით შეხვედრებში.
ნაპოლი საფეხბურთო ქალაქია, ნაპოლი ფეხბურთით ცხოვრობს და მიხარია, რომ ამ დიდი ისტორიის ნაწილი მეც გავხდი. აქ ბევრი რამ ვისწავლე, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. გავიზარდე, როგორც ადამიანი და როგორც სპორტსმენი.
ჩემთვის ძალიან საამაყო იყო ამ მაისურის ტარება. მინდა, მადლობა გადავუხადო კლუბის ყველა წევრს, თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, სტაფს და რაც მთავარია, თქვენ, გულშემატკივრებს. გემშვიდობებით, თუმცა ჩემს გულში მუდამ იქნებით. იმედია, კიდევ შევხვდებით. ვიცი, ჩემი წასვლით გული ძალიან გწყდებათ, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერს მოგიყვებით. მინდა, წარმატებები გისურვოთ ამ ქალაქს, ამ ხალხს ჩემპიონობა და სკუდეტო მოუტანოთ.
ამ სტადიონზე დღეს, ალბათ, როგორც ნაპოლის ფეხბურთელმა ბოლოჯერ შემოვაბიჯე. წასვლამდე ამის გაკეთება ძალიან მინდოდა. ეს ადგილი, ფანების თითოეული შეძახილი უკვე მოგონებად გადამექცა და მათ ხშირად გავიხსენებ ხოლმე.
აქ მოვედი, როგორც პატარა ბიჭი, რომელსაც ბევრი არ იცნობდა და ახლა აქაურობას ვტოვებ, როგორც კაცი, რომელსაც თან მიაქვს უამრავი ადამიანის სიყვარული, ბევრი გამარჯვება და, რაც ყველაზე მთავარია, ის ნანატრი სკუდეტო და ჩემპიონობა, რომლის სურვილითაც ეს ქალაქი ბევრი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. დღეს აქ ჩემი ცხოვრების ორ მთავარ ადამიანთან ერთად მოვედი. ნიცა, რომელიც მუდამ ჩემს გვერდშია და ყველა მნიშვნელოვან მომენტს ჩემთან ერთად იზიარებდა და ჩვენი დამიანე, რომელიც დღეს სტადიონზე პირველადაა. როცა წლები გავა და გაიზრდება, მინდა ეს ვიდეო ნახოს და ამით იამაყოს.
წასვლის წინ აქ მოსვლა ყველაზე მეტად მინდოდა, ეს განსაკუთრებული ადგილია. აქ ყველაზე მეტად და მძაფრად იგრძნობა, რას ნიშნავს ამ ქალაქისთვის დიეგო. აქ ის ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვართ. დიეგო თითოეული ნეაპოლელისთვის ახლაც ცოცხალია და მუდამ ასე იქნება. გულშემატკივრებთან, გუნდთან და ქალაქთან ერთად, დიეგოსთანაც მიწევს დამშვიდობება.
ნახვამდის დიეგო, ნახვამდის ნაპოლი.
ნეაპოლში თავიდან მარტო ჩამოვედი, ახლა კი სამნი ვართ. ძალიან სახასიათო ქალაქია, სადაც თითოეულ ადგილს საკუთარი ისტორია აქვს და ამას გაგრძნობინებს. ძალიან თბილი ხალხია, ჩემი აზრით, ქართველებს ძალიან ჰგვანან და ბევრი საერთო გვაქვს, ალბათ ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც აქაურობას ძალიან მარტივად შევეჩვიე და შევიყვარე - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია ვიდეომიმართვაში