Belive

ანტონიო კონტემ კრისტიან ერიქსენის მომავალზე ისაუბრა 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ გულშემატკივარი დაარწმუნა, რომ გუნდის ნახევარმცველი, კრისტიან ერიქსენი "ნერაძურიში" რჩება.  26 იანვარს, დანიელმა ფეხბურთელმა, იტალიის თასის მეოთხედფინალის ბოლოს დამატებულ წუთზე "მილანის" წინააღმდეგ (2: 1) საჯარიმო დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა. "უკვე ერთი თვეა, რაც ერთსა და იმავეს ვამბობ: ეს არის "ინტერის" შემადგენლობა! არავინ მოვა და არავინ წავა. სულ ამას ვიმეორებ, მაგრამ, როგორც ჩანს, არავინ მიჯერებს. ჩვენ ერიქსენთან ტაქტიკურად ვმუშაობთ, რათა ბროზოვიჩის ალტერნატივა შევქმნათ, რადგან ჯერ ასეთი ტიპის ფეხბურთელი არ გვყავს. კრისტიანი ძალიან ჭკვიანი ბიჭია და მაღალი ხარისხის მქონე ფეხბურთელი. ის ჩვენი პროექტის ნაწილია და მოხარული ვარ, რომ მან ეს გოლი გაიტანა. მინდოდა, რომ მას საჯარიმოს დარტყმის შესაძლებლობა მიეღო, რადგან ყველამ ვიცით თუ რამდენად კარგია ის სტანდარტული სიტუაციებისას. ერიქსენი ძალიან თავმდაბალია. იმედი მაქვს, რომ ეს გოლი მას შეარყევს და საშუალებას მისცემს, თავი დააღწიოს ჩაკეტილი მდგომარეობიდან. ყველას უყვარს კრისტიანი, ის კარგი ბიჭია - ალბათ ძალიან კარგი! ის უფრო თავდაჯერებული უნდა იყოს", - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა. სერია A-ში, მილანური კლუბი 19 ტურის შემდეგ დაგროვილი 41 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ერთპიროვნულ ლიდერ, თანაქალაქელ "მილანს" ორით ჩამორჩება. რაც შეეხება კოპა იტალიას, გუნდი ნახევარფინალში ტურინის "იუვენტუსსა" და "სპალს" შორის გამარჯვებულს შეხვდება. შემდეგ შეხვედრას "ინტერნაციონალი" 30 იანვარს, "ბენევენტოს" წინააღმდეგ, იტალიის ჩემპიონატის ეგიდით გამართავს.

სხვა სტატიები