Belive

ანტონიო კასანო: "მოურინიოს დრო წავიდა"

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელსაც აქტიური საფეხბურთო კარიერის დროს "რეალ მადრიდშიც" უთამაშია და "რომაშიც", ჟოზე მოურინიო გააკრიტიკა. ბუცების კედელზე ჩამოკიდების შემდეგ კასანო პორტუგალიელ სპეციალისტს რეგულარულად "უტევდა". კასანოს ნათქვამი აქვს, რომ ჟოზეს ფეხბურთი არ აინტერესებს, არ უყვარს მუშაობა და კომუნიკაცია არ შეუძლია. საპირისპიროდ, რამდენჯერმე მოურინიომ მწარედ დააბრუნა პასუხი.

როგორც მწვრთნელი, მოურინიო მთლიანად დასრულებულია. მას უკვე აღარ შეუძლია საქმის კეთება და თუნდაც აკეთოს, იმავეს იმეორებს რასაც 10 წლის წინ. მაგალითად, ის რომაში ლეონარდო პარედესს არ ათამაშებდა და ლორენცო პელეგრინი ამჯობინა, რაც შეცდომა იყო. დე როსიმ რომას რწმენა დაუბრუნა და აღმოჩნდა, რომ ეს გუნდი ისევ ძლიერია. - განუცხადა კასანომ La Domenica Sportiva-ს

მოურინიო არ არის ერთადერთი, ვისაც კასანომ მუშაობა დაუწუნა. "იუვენტუსის" თავკაცზე, მასიმილიანო ალეგრიზე საუბრისას კასანომ თქვა, რომ უკანასკნელი 3 წელია ახალს ვერაფერს ქმნის და დროა განზე გადგეს, რადგან იუვენტუსს 3 პასის ერთმანეთზე გადაბმაც კი აღარ შეუძლია.

მოურინიო, რომელიც რომადან ზამთარში მოულოდნელად გაუშვეს, ახალ შემოთავაზებებს ელოდება და ამბობს, რომ მუშაობისთვის მზადაა. პორტუგალიელს ინგლისის პრემიერლიგის, გერმანიის ბუნდესლიგისა და საუდის პრო ლიგის გუნდებს უკავშირებენ.