Belive

ანგისა: "მომწონს კვარაცხელია - არამარტო როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც ადამიანი"

10 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ნაპოლის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ზამბო ანგისამ, გასული სეზონი შეაჯამა და თანაგუნდელებზეც ბევრი ისაუბრა. კამერუნელმა ფეხბურთელმა განსაკუთრებული ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიაზე გაამახვილა და ქართველი ფეხბურთელისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

ანგისას თქმით, ლუჩანო სპალეტიმ "საუკეთესო გუნდი" ჩამოაყალიბა, რომელიც სავსე იყო ახალგაზრდა ფეხბურთელებით, გამოცდილი მოთამაშეებით, შემტევითი სტილითა და ისეთი ტიპის ენერგიით, რომელიც გულშემატკივართან პირდაპირ კავშირში იყო - გუნდი, რომელიც უახლოეს მდევარს 15 ქულით უსწრებდა და მაინც სულ უფრო და უფრო მეტი გოლის გატანა სურდა.

სექტემბერში, "ლაციოსთან" თამაშის წინ, ანგისასა და კვარაცხელიას შორის დიალოგი გაიმართა, სადაც გამოცდილმა კამერუნელმა მას არაერთი რჩევა მისცა. როგორც კვარა ამბობს, ანგისას სიტყვებს ფუნდამენტური მნიშვნელობა ჰქონდა, რაც მას საკუთარი ძალების შეგრძნებაში უფრო მეტად დაეხმარა.

"მე და კვარა დიდხანს ვსაუბრობდით. ვუთხარი, რომ მისი დახმარებით, საქართველო კიდევ უფრო დიდი ქვეყანა გახდებოდა. ერთ-ერთ მაგალითად მას რობერტ ლევანდოვსკი მოვუყვანე. ვუთხარი, რომ საკუთარი თავი უფრო მეტად უნდა გამოემჟღავნებინა და მისი სტილით ეთამაშა. მოგვიანებით გამიმხილა, რომ ჩემმა სიტყვებმა მასზე გავლენა მოახდინა.

მომწონს კვარაცხელია - არამარტო როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც ადამიანი. ბევრს შრომობს, რჩევას ითხოვს, გამარჯვების წყურვილი აქვს და საოცარი ფეხბურთელია. მოედანზე, შეგიძლია მას ენდო: საჭიროა, რომ უბრალოდ, პასი მისცე.

სხვა ახალგაზრდა ფეხბურთლებს არ ჰგავს. როდესაც დიდი ფეხბურთელი ხდები, არის დიდი შანსი, რომ საკუთარი თავი დაკარგო. თუმცა ეს მას არ ეხება. ის კვლავ აგრძელებს შრომას, შრომას, შრომას, ცდილობს გაიმარჯვოს და გუნდისთვის მაქსიმუმი გაიღოს.

ყოველთვის მოდის და გეკითხება: ეს უნდა გავაკეთო, რას ფიქრობ ამაზე?" ასეთი ფეხბურთელის პოვნა ძალიან რთულია", - თქვა ანგისამ.

ასევე იხილეთ: The Herald: “შოტლანდიამ უნდა შეაჩეროს კვარაცხელია – საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი ბოლო 50 წელიწადში”

სხვა სტატიები