Belive

"ამ ტრანსფერზე უარს უბრალოდ ვერ ვიტყვი" - ლოჩოშვილი სერია A-ში ითამაშებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად გაწვდიდით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, ლუკა ლოჩოშვილი კარიერას იტალიის სერია A-ში გააგრძელებდა, რასაც იტალიური და ავსტრიული სპორტული გამოცემებიც ადასტურებდნენ. ამჯერად, 24 წლის უკანახაზელისა და "ვერონას" შორის პოტენციური და თითქმის გადაწყვეტილი თანამშრომლობის შესახებ ცნობას ქართველი ფეხბურთელის ამჟამინდელი კლუბის, "ვოლფსბერგერის" პრეზიდენტი, დიტმარ რიგლერი ადასტურებს.
"ამ ტრანსფერზე და შეთავაზებულ თანხაზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყვი. გარდა ამისა, ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო ლუკას განვითარებისთვის ხელი შეგვეწყო და შემდეგ მისი კონტრაქტი გაგვეყიდა. იმედი მაქვს ის უეფას ევროპის კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში მალტაში, "გზირას" წინააღმდეგ თამაშზე დაგვთანხმდება", - თქვა დიტმარ რიგლერმა.
იტალიური პრესის ინფორმაციით, “ვერონამ” ავსტრიულ “ვოლფსბერგერს” უკვე ოფიციალური შეთავაზებით მიმართა და ქართველი ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსასყიდად 1.6 მილიონ ევროს სთავაზობს.​ “დინამო თბილისის” აღზრდილ ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში კიევის “დინამოს” მეორე გუნდში და სლოვაკურ “ჟილინაში” უთამაშია, ხოლო ავსტრიულ “ვოლფსბერგერს” 2020 წლის 24 აგვისტოს შეუერთდა და 69 მატჩში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები