Belive

ახალი შეთავაზება | რეალი ვინისიუსის შესანარჩუნებლად დათმობაზე მიდის

14 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ESPN-ის ცნობით, მადრიდის რეალმა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ვინისიუს ჟუნიორს ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზა, რითაც განახლდა თითქმის ერთი წლის განმავლობაში შეჩერებული მოლაპარაკებები.

26 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის მომავალი ბოლო კვირების განმავლობაში ინტენსიური სპეკულაციების საგანი იყო. მისი მიმდინარე ხელშეკრულება მადრიდულ კლუბთან 2027 წლის ივნისამდეა ძალაში და ფეხბურთელი კონტრაქტის დასკვნით წელში შედის. სიტუაციას ასევე ინგლისის პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონის, ლონდონის არსენალის ინტერესი ამძაფრებს.

რეალის ახალი შეთავაზება დაახლოებით წელიწადში 22 მილიონ ევროს შეადგენს. ეს უფრო მეტია, ვიდრე გასული 2 სეზონის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს რეალი ფეხბურთელს სთავაზობდა. შეთავაზებული გახანგრძლივების ვადა ჯერ არ გახმაურებულა. სხვაობა მადრიდული გრანდის შეთავაზებასა და ვინისიუსის პირად მოთხოვნებს შორის, რომლებიც დაახლოებით 30 მილიონ ევროს შეადგენს, კვლავ მნიშვნელოვანია.

ფეხბურთელი ამჟამად წელიწადში დაახლოებით 17.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. თუ მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდებიან, ბრაზილიელს იანვარში სხვა კლუბთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმების უფლება ექნება, ხოლო მომდევნო სეზონის შემდეგ მან სანტიაგო ბერნაბეუ შესაძლოა თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

ESPN-მა გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ რეალმა შესაძლოა განიხილოს ფეხბურთელის ამ ზაფხულს გაშვება, თუ ახალ კონტრაქტზე შეთანხმება ვერ შედგა. სანამ კაბინეტებში მოლაპარაკებები გრძელდება, თავად ვინისიუსი ორშაბათს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შვებულებიდან დაბრუნდა.

ბრაზილიელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და უკვე შეუდგა თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშს ახალი მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით.

ვინისიუს ჟუნიორი მადრიდის რეალმა 2018 წელს ფლამენგოდან 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. მას შემდეგ 26 წლის ბრაზილიელმა რეალის შემადგენლობაში 375 მატჩში 128 გოლი გაიტანა, 100 საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ უეფას ჩემპიონთა ლიგა, 3-ჯერ ლა ლიგა, 2-ჯერ უეფას სუპერთასი, ერთხელ ფიფას ინტერკონტინენტალური თასი, 3-ჯერ კი უეფას სუპერ თასი მოიგო.

სხვა სტატიები