Belive

ახალი მესი? მიჩელ სალგადო ბარსელონას ვარსკვლავზე საუბრობს

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა, მიჩელ სალგადომ, განაცხადა, რომ ლამინ იამალს იშვიათი ტექნიკური თვისება აქვს, რის გამოც, შეგვიძლია, რომ ის მესის შევადაროთ. მიუხედავად იმისა, რომ იამალი ჯერ კარიერის საწყის ეტაპზეა, სალგადოს მიაჩნია, რომ „ბარსელონას“ ახალგაზრდა ვარსკვლავმა უკვე გამოავლინა ის უშიშრობა და თვითრწმენა, რომელიც თავის დროზე არგენტინელი ჯადოქრის მთავარი მახასიათებელი იყო.

როგორც გამოცემა "Mundo Deportivo" იუწყება, სალგადომ დიდი ენთუზიაზმით ისაუბრა ესპანეთის ახალგაზრდა ვარსკვლავზე. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მესი ყველა დროის საუკეთესოა, მასსა და იამალს შორის უკვე იმდენი მსგავსებაა, რომ მათი უგულებელჰყოფა შეუძლებელია.

მესი სხვა გალაქტიკიდან მოსული ფეხბურთელია. მაგრამ მათ შორის უფრო და უფრო მეტ მსგავსებას ვხედავ. ლამინი იმ მოთამაშეთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთა ყურებაც ხალხს განსაკუთრებით უყვარს. დღევანდელ ფეხბურთში, ძალიან ცოტაა ისეთი მოთამაშე, რომლებსაც რამდენიმე მეტოქის პირისპირ შეუძლიათ ბრწყინვალედ თამაში. ლამინი კი უდავოდ ამ მოთამაშეთა რიგებს მიეკუთვნება. მესიმაც ასე დაიწყო. სწორედ ეს იყო ის განსაკუთრებული თვისება, რითაც ლეომ, კარიერის დასაწყისში მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიქცია. - მიჩელ სალგადო

სალგადოს მხრიდან, იამალის მისამართით წარმოთქმული უამრავი საქებარი სიტყვის მიუხედავად, გარკვეული შეკითხვები არსებობს მის ფიზიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. იამალმა 2026 წლის 22 აპრილს, სელტა ვიგოს წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, ფეხის კუნთი დაიზიანა, რის გამოც, გარკვეული პერიოდი გამოტოვა. ამის გამო, ვარაუდობენ, რომ 18 წლის ფეხბურთელმა მსოფლიო ჩემპიონატის საწყის ეტაპზე, შესაძლოა, რომ სრული დატვირთვით ვერ ითამაშოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მუნდიალის შეხვედრებს გამოტოვებს.

იამალი, ესპანეთის ნაკრებში ერთ-ერთი გადამწყვეტი ფიგურაა და მას უდიდესი წვლილის შეტანა შეუძლია საკუთარი გუნდის წარმატებაში. ეს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზეც თვალსაჩინოდ გამოჩნდა. ახლა კი ახალგაზრდა ფეხბურთელი იგივეს გაკეთებას მუნდიალზე შეეცდება.

ესპანეთი, მსოფლიო ჩემპიონატზე, პირველ მატჩს 15 ივნისს, კაპო ვერდეს წინააღმდეგ ჩაატარებს. ჯგუფური ეტაპის მომდევნო შეხვედრებს კი 21 ივნისს, საუდის არაბეთის, ხოლო 27 ივნისს, ურუგვაის წინააღმდეგ გამართავს

სხვა სტატიები