"ახალი ძალები გვჭირდებოდა" - სენტ ეტიენის მწვრთნელმა ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-12 ტურის შეხვედრაში სენტ ეტიენმა პო 6:0 დაამარცხა.
ზურიკო დავითაშვილი მატჩში 67-ე წუთზე ჩაერთო და 79-ე წუთზე გოლის გატანა მოახერხა. შეხვედრაში მიღებული ცოტა დრო ქართველმა ფეხბურთელმა კარგად გამოიყენა, მან 2 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 1-ში გაიმარჯვა, ზურიკო ბურთს 19-ჯერ შეეხო, 15 გადაცემიდან 12 ზუსტად შეასრულა (80%), ერთხელ კარში დაარტყა და გოლიც გაიტანა, ხოლო ერთხელ დარტყმული დაუბლოკეს.
ქართველი ფეხბურთელის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:
Sofascore - 7.9
Flashscore - 7.6
მატჩის შემდეგ ზურიკო დავითაშვილის შესახებ, სენტ ეტიენის მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
დატვირთული კვირა გამოდგა, რადგან 3 თამაში ჩავატარეთ. ახალი ძალები გვჭირდებოდა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ზურიკო დავითაშვილმა და ლუკას სტასინმა სანაკრებო შესვენებაზე 2 მატჩი ითამაშეს, ამიტომ, შეხვედრაში ახალი ძალები საჭირო იყო. - ეირიკ ჰორნელანი - სენტ ეტიენის მთავარი მწვრთნელი
სენტ ეტიენი ლიგა 2-ის ცხრილში 23 ქულით მე-2 ადგილზეა (7 მოგება, 2 ფრე, 3 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი პირველ ნოემბერს რედ სტარის წინააღმდეგ გამართავს.
ზურიკო დავითაშვილმა მიმდინარე სეზონის 11 მატჩში ითამაშა და 5 გოლი გაიტანა.