Belive

ადეიემი 'გაფანტულია' - გერმანელი გახურებას ბუცების გარეშე აპირებდა

21 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ბარსელონა ლა ლიგის სტარტზე ფანტასტიკურ ფორმაშია. „ბლაუგრანამ“ სამ შეხვედრაში სამი გამარჯვება მოიპოვა, გაიტანა 12 გოლი და მხოლოდ 2 გაუშვა. გამოკვეთილი ცენტრფორვარდის არყოლის მიუხედავად, კატალონიელები მეტოქეებს შანსს არ უტოვებენ, ახალწვეულები კი გუნდს პირველივე დღეებიდან ეფექტურად ერგებიან. ენტონი გორდონი ჰანსი ფლიკის მოთხოვნებს მყისიერად შეეგუა, ხოლო კარიმ ადეიემი მისთვის გამოყოფილ წუთებს მაქსიმალურად იყენებს (მიუხედავად მცირე უყურადღებობისა, რაც ორშაბათს, რაიო ვალეკანოსთან მატჩის შემდეგ მოხდა).

ფლიკმა თავისი თანამემამულე მოედანზე 77-ე წუთზე, 4:2-ზე შეიყვანა. ადეიემიმ სულ რაღაც 13 წუთში ლამინე იამალის მეორე გოლის დროს საგოლე გადაცემა მიითვალა, თუმცა დღის მთავარი 'ვირუსული' ეპიზოდი საფინალო სასტვენის შემდეგ დაფიქსირდა.

24 წლის ფეხბურთელს, მატჩის დასრულების შემდეგ, დანარჩენ სათადარიგო მოთამაშეებთან ერთად, აღდგენითი ვარჯიშები უნდა შეესრულებინა. გერმანელი მოედანზე ოთახის ჩუსტებით გამოცხადდა, რამაც ბარსელონას ფიზმომზადების მწვრთნელის, პეპე კონდეს გაოგნება გამოიწვია. მწვრთნელმა იგი დაუყოვნებლივ გასახდელში გააბრუნა (ბუცების ჩასაცმელად). ამ სცენას გაოცებულები ადევნებდნენ თვალს ჟერარ მარტინი და ერიკ გარსიაც.

ადეიემი ბრძანებას დაემორჩილა (თავდაპირველად უხალისოდ, რადგან GPS-ჟილეტი მაისურზე ჰქონდა გადაცმული), სწრაფად დაბრუნდა მოედანზე უკვე ბუცებით და კონდეს მეთვალყურეობით ვარჯიში სათადარიგოებთან ერთად განაგრძო.

სხვა სტატიები