Belive

CIBELES | სერხიო რამოსმა სადებიუტო სიმღერა გამოუშვა

3 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ლეგენდამ, სერხიო რამოსმა, სიმღერა გამოუშვა, რომელსაც Cibeles ეწოდება - ეს არის მინიშნება სიბელესის მოედანზე, სადაც მადრიდული კლუბის ქომაგები გუნდის მიერ მოგებულ ტიტულს აღნიშნავენ.

რამდენად კარგი სიმღერაა, თავად შეაფასეთ. თუმცა საინტერესო დეტალია მისი შინაარსი, რომელიც, ფაქტობრივად, სერხიო რამოსის მონოლოგია: თუ რამდენად უყვარს "რეალი", როგორ არ სურდა გუნდის დატოვება და როგორ აიძულეს, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა.

"არის რაღაცები, რაც არ მითქვამს.

...ის, რაც დღემდე მტკივა.

...მიყვარდი და გიცავდი.

...წავედი იმის გამო, რომ ანალოგიურად არ მომექეცი.

...მირჩევნია, ფეხზე მდგომი მოვკვდე, ვიდრე მუხლებზე მდგომმა ვიცხოვრო" - სიმღერა ძირითადად ასეთი ფრაზებით არის სავსე.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რამოსის სიმღერა მოვისმინეთ. ევრო 2016-სთვის, ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ოფიციალური ჰიმნი გამოუშვა, სადაც მთავარ პარტიას რამოსი ასრულებდა.

ფეხბურთელები, რომლებმაც სიმღერები გამოუშვეს

ასეთების გახსენება მრავლად შეიძლება. მაგალითისთვის, ერიკ კანტონა გავიხსენოთ, სიმღერით The Friends We Lost.

სათქმელი რეპით გამოხატა რაიან ბაბელმა, რომელმაც 2021 წელს გამოშვებულ სიმღერაში ყოფილი თანაგუნდელები საკმაოდ ღიად, ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინა.

თუკი რეპსა და ნიდერლანდელ ფეხბურთელს ვახსენებთ, ცხადია, მემფის დეპაის ვერ გამოვტოვებთ.

ასევე შეგიძლიათ, ალფონსო დევისსაც მოუსმინოთ.

უფრო მეტად ენერგიული და საცეკვაო მუსიკა აქვს ჯიბრილ სისეს, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ, DJ გახდა.

ერლინგ ჰოლანდის რეპი ხომ არ მოგისმენიათ? სახალისოა, "ქრინჯიცაა", მოკლედ, ერთხელ სანახავად ღირს.

სხვა სტატიები