Belive

გიორგი ჭიაბრიშვილი: "ჩემი და ლოკომოტივის ამბიციები ერთმანეთს დაემთხვა, ჩემპიონობა მთავარი მიზანი იქნება" 

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
თბილისის "ლოკომოტივს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. სოსო ფრუიძე გუნდში "საბურთალოს" ყოფილმა თავკაცმა გიორგი ჭიაბრიშვილმა შეცვალა. ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და გამორჩეული სპეციალისტი საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე მედიის წარმომადგენლებს შეხვდა, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ესაუბრა და სამომავლო გეგმებიც გაანდო. "მოლაპარაკებები სულ რამდენიმე დღე გაგრძელდა და დანამდვილებით გეტყვით, რომ მას მერე, რაც "საბურთალოდან" წამოვედი "ლოკომოტივიდან" პირველად 2-3 დღის წინ დამიკავშირდნენ.  ამ გუნდს საკმაოდ კარგად ვიცნობ, რადგან ერთმანეთის წინააღმდეგ ხშირად გვითამაშია. ვიცი გუნდის ფილოსოფია, ის, რომ ამ კლუბს მუდმივად სამომავლო შედეგი აინტერესებს და სწორედ ამაზეა ორიენტირებული. სიმართლე გითხრათ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია პირადად ჩემი სამწვრთნელო კარიერის განსავითარებლად და ჩემი შესაძლებლობების რეალიზებისთვის. აქ ყველანაირი შესაძლებლობა მეძლევა იმისთვის, რომ ყველა ის საფეხბურთო მიზანი და ნააზრევი, რაც გონებაში მაქვს, პრაქტიკაში გადმოვიტანო ჩემი და ამ კლუბის ამბიციები ერთმანეთს დაემთხვა. "ლოკომოტივს" ძალიან დიდი ხანია ტიტული არ მოუგია და საერთოდ, ქვეყნის ჩემპიონიც არ გამხდარა. ვფიქრობ, კონტრაქტის ეს ხანგრძლივობა და იდეები, რომელიც მე და კლუბის ხელმძღვანელობას გვაქვს, გვაძლევს იმის შანსს, რომ გავხდეთ საქართველოს ჩემპიონები.  დიახ, გუნდს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე აქვს სათამაშო და ეს ჩემთვის ერთ-ერთი მოტივაცია გახლდათ, თუმცა უფრო დიდი სტიმული შიდა ასპარეზზე საუკეთესოობა. ევროტურნირებზე ყველა ქართული გუნდი განსხვავებულ მოცემულობაშია. ყოველთვის შესარჩევი ეტაპები ჩვენთვის ვირტუალურია, რადგან წინასწარ არ ვიცით, თუ რა დონის გუნდი შეგვხვდება და ხშირად ეს პერიოდი ქართველი გულშემატკივრისთვის იმედგაცრუებით სრულდება. ჩემი მიზანია, რომ ამ პერიოდში ისეთი გუნდის ჩამოყალიბება შევძლო, რომელიც ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ლოგიკურად გავა და არა წვალებით.  წინა სეზონში "ლოკომოტივს" ლევან კორღალიძის სახით ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავდა. მან მშვენივრად იმუშავა და გუნდს გამართული, შემტევი ფეხბურთი ათამაშა. "საბურთალოს" და "ლოკომოტივის" მატჩები ხშირად ერთმანეთსაც ჰგავდა, რადგან ჩვენ ორივეს საერთო ხედვები გვაქვს და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის შემტევი ფეხბურთის მოდელი, რომელიც "საბურთალოში" განხორციელდა, აქაც შესაძლოა ამოქმედდეს", - თქვა 40 წლის სპეციალისტმა. მხარეებს შორის სამწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გაფორმდა. ჭიაბრიშვილმა გუნდთან ერთად პირველი ვარჯიშიც ჩაატარა და 9 ივლისს, გუნდს ბათუმის "დინამოსთან" მატჩში მოედანზე გაიყვანს. ფოტო: FC Locomotive

სხვა სტატიები