6-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, ელვინტერამ "საბურთალო" დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
კენიელ ნახევარმცველს, რომელიც "საბურთალოში" 18 წლის ასაკიდან ირიცხებოდა, კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა და საქართველოს 2018 წლის ჩემპიონი გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის ლეგიონერი კარიერას სომხურ "არარატ-არმენიაში" გააგრძელებს, რომელიც 2019 წლის ზაფხულში, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალოს" მეტოქე გახლდათ და ორი მატჩის ჯამში - 3:2 სძლია.
ელვინტერამ "საბურთალოს" შემადგენლობაში 139 მატჩი ჩაატარა და ქართული კლუბის მაისურით 9 გოლის გატანა და ამდენივე საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. აფრიკელმა ფეხბურთელმა საქართველოში სამივე შესაძლო ტიტულის მოგება მოახერხა: ჩემპიონობა, თასი და სუპერთასი.