ბოლო 2 წლის განმავლობაში, საჯარიმო დარტყმის შესრულება მირალემ პიანიჩს უფრო და უფრო იშვიათად უწევს - ამისი მიზეზი კრიშტიანუ რონალდუა, რომელიც "იუვენტუსში" საჯარიმო დარტყმიდან გოლის გატანას უშედეგოდ ცდილობს.
ოქროს ბურთის 5-გზის გამარჯვებულსა და მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეულ თავდამსხმელს, საჯარიმო დარტყმით უფრო და უფრო ნაკლები გოლი გააქვს. "იუვენტუსში" გადასვლის შემდეგ, რონალდუმ საჯარიმო დარტყმით გოლის გატანა ოფიციალურ მატჩში უშედეგოდ 28-ჯერ სცადა.
იხილეთ რონალდუს საჯარიმო დარტყმები "იუვენტუსის" მაისურით
აღსანიშნავია, რომ "იუვენტუსის" მაისურით, საჯარიმო დარტყმიდან რონალდუს 1 გოლი გატანილი აქვს, თუმცა ეს "ინტერთან" ამხანაგურ შეხვედრაში მოხდა. ოფიციალურ შეხვედრებში, 28 დარტყმიდან, 7-ის მოგერიება მეკარემ შეძლო, 2 მიზანს აცდა, 19 კი საჯარიმო კედელს მოხვდა.
€117 მილიონის სანაცვლოდ, ტურინის "იუვენტუსში" გადასვლის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ 53 მატჩი ჩაატარა და 33 გოლი გაიტანა. კარიერაში რონალდუს საჯარიმო დარტყმით 55 გოლი აქვს გატანილი (13 მანჩესტერში, 30 მადრიდის რეალში), თუმცა "ბებერ ქალბატონში" მისი სტატისტიკა ცხადყოფს, რომ დროა, საჯარიმო დარტყმები კვლავ მირალემ პიანიჩმა შეასრულოს.
ბოსნიელ "მაესტროს" საჯარიმო დარტყმით სერია ა-ში 15 გოლი აქვს გატანილი და ამ შედეგით, იგი ჯანფრანკო ძოლას (20), ფრანჩესკო ტოტის (21), რობერტო ბაჯოს (21), ალესანდრო დელ პიეროს (22), ანდრეა პირლოსა (28) და სინიშა მიხაილოვიჩს (28) ჩამორჩება.
გასულ წელს, "იუვენტუსის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, განაცხადა რომ გუნდში შორეულ საჯარიმო დარტყმებს კრიშტიანუ რონალდუ შეასრულებდა, ხოლო ახლო მანძილიდან გოლის გატანას პაოლო დიბალა და მირალემ პიანიჩი ეცდებოდნენ: "რონალდუ ჭკვიანი ადამიანია, მან კარგად იცის, რომ დიბალა და პიანიჩი საჯარიმო დარტყმებს ჩინებულად ასრულებენ და პრობლემა არ აქვს, რომ ახლო მანძილიდან დარტყმა მათ დაუთმოს," განაცხადა ალეგრიმ.
ალეგრის სიტყვების მიუხედავად, ჩანს, რომ "იუვენტუსში" როგორც შორეული, ასევე ახლო დისტანციიდან, საჯარიმო დარტყმის შესრულების ასპარეზი პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ეთმობა. საინტერესოა, გადაწყვეტს თუ არა "იუვენტუსის" ამჟამინდელი მწვრთნელი, მაურისიო სარი, რომ ამ მიმართულებით გუნდში ცვლილების დროა მოსული.