Belive

2025 | ქართული ფეხბურთის წლის შეჯამება

1 კვირის წინ ფეხბურთი
9 წთ

2025 წლის საფეხბურთო სეზონი, როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე საქართველოში დასრულდა.

წელი ქართული ფეხბურთისთვის გარდამავალი გამოდგა - დატვირთული, როგორც წარმატებული, ისე წარუმატებელი მომენტებით.

ნაკრები

საქართველოს ნაკრებს 2025 წელს ორი დიდი გამოწვევა ჰქონდა: ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილის შენარჩუნება და 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი.

ევროპული ტურნირის B და C დივიზიონებს შორის გამართულ პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები სომხეთს შეხვდა და ორი მატჩის ჯამში ძალიან დიდი უპირატესობით იმარჯვა. ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა მეზობელი ქვეყნის ნაკრებს ორივე მატჩში, როგორც სტუმრად, ისე საშინაო კედლებში (3:0, 6:1) აჯობა და B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა. ახალი სეზონის წილისყრა 2026 წლის 12 თებერვალს, ბრიუსელში გაიმართება.

წლის მეორე ნახევარში ჩვენი გუნდი პლანეტის ყველზე დიდი საფეხბურთო ფორუმის შესარჩევ ეტაპში ჩაერთო. ჯგუფში მეტოქეებად ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთი, თურქეთისა და ბულგარეთის გუნდები გვერგო. ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა მხოლოდ ბულგარეთთან, საშინაო კედლებში გამარჯვება (3:0) მოახერხა, დარჩენილი ყველა მატჩი კი წააგო და საკვალიფიკაციო ეტაპის ოთხგუნდიან ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრების ისტორიაში 2025 წელი იმ ფაქტით გახლდათ გამორჩეული, რომ გუნდის ისტორიულმა ფიგურებმა, გიორგი ლორიამ და ნიკა კვეკვესკირმა გუნდიდან წასვლა დაადასტურეს. ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი მეკარე კარიერას მშობლიურ გუნდში, დინამო თბილისში აგრძელებს, ხოლო დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის გამტანი ნახევარმცველი ვილი სანიოლის სამწვრთნელო სტაფს შეუერთდა.

ამავე დროს, 2025 წელს, ნაკრებს რამდენიმე დებიუტანტი და ახალწვეული შეუერთდა მათ შორის კი გამორჩეული რეკორდის მქონე, საბა ხარებაშვილი გახლავთ, რომელმაც გუნდში ყველაზე ახალგაზრდულ, 16 წლის, 9 თვისა და 2 დღის ასაკში ითამაშა და ლევან ყენიას მიღწევა გააუმჯობესა. რეკორდის დამყარება დინამო თბილისის მარცხენა მცველმა ფარერის კუნძულების ნაკრებთან (1:0) მოგებულ შეხვედრაში მოახერხა.

წლევანდელი წელი გამორჩეული გამოდგა ვილი სანიოლისთვისაც. მან წელს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში 50-მატჩიან ნიშნულს გადააჭარბა (54) და ამ მხრივ ერთადერთი სპეციალისტია. ვილი სანიოლთან ყველაზე ახლოს, 47 შეხვედრით ვლადიმირ ვაისია. სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 23 მატჩი მოიგო, 22 წააგო და 9 ფრედ ითამაშა.

2025 წელს, 4-წლიანი მუშაობის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწის პოზიციიდან ზურაბ ხიზანიშვილმა 19-წლამდელთა გუნდში გადაინაცვლა და მათი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრისთვის იმუშავებს.

2025 წელს, საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში 300-მატჩიან ნიშნულსაც გადააჭარბა.

საქართველოს ნაკრები 2025 წელს: 10 მატჩი, 4 გამარჯვება, 5 წაგება, 1 ფრე, 18 გატანილი, 17 გაშვებული გოლი.

ასაკობრივი ნაკრებები

2025 წელს საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა ერევანში, უეფას განვითარების თასის მოგება მოახერხა. ტურნირში მასპინძელი სომხეთის (2:3) ლიეტუვის (2:1) და უზბეკეთის (3:0) 15-წლამდელთა გუნდები მონაწილეობდნენ. ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი 4 გატანილი გოლით ნიკოლოზ დუნდუა გახდა, ხოლო საუკეთესო მოთამაშის ჯილდო, ხვიჩა კვარაცხელიას უმცროს ძმას, თორნიკე კვარაცხელიას ერგო. გუნდის მთავარი მწვრთნელი, გიორგი ჩიტაური გახლდათ.

17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საწყის რაუნდს თბილისში უმასპინძლა და ორი მატჩი ჩაატარა. ალექსანდრე კობახიძის გაწვრთნილი გუნდი ისლანდიისა (1:5) და საბერძნეთის (1:2) 17-წლამდელთა ნაკრებებს შეხვდა, ორივე ჯერზე წააგო და შემდეგ ეტაპზე გასვლა ვერ შეძლო.

მომდევნო წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ვერც 19-წლამდელთა ნაკრებმა შეძლო, რომელსაც ხორვატიაში, მასპინძლების (0:2), სერბეთისა (1:3) და გიბრლატარის (1:0) წარმომადგენელ თანატოლებთან შეხვედრა მოუწია. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი 3 ქულით მესამეადგილოსნების რეიტინგში მერვე პოზიციაზე გავიდა და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურის მოპოვება ვერ შეძლო. ახალი წლიდან 19-წლამდელთა ნაკრებს ზურაბ ხიზანიშვილი უხელმძღვანელებს.

21-წლამდელთა ნაკრებისთვის 2025 წელი გარდამავალი გამოდგა. რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე, სლოვაკეთში ითამაშა, რომლის საგზურიც შარშან, საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შემდეგ მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა პოლონეთთან დრამატულ მატჩში გამარჯვების (2:1) მოპოვება შეძლო, საფრანგეთისა (2:3) და პორტუგალიის (0:4) ნაკრებებთან კი წააგო და ჯგუფში მესამე პოზიცია დაიკავა. შემოდგომიდან, განახლებული შემადგენლობით ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპში ჩაერთო, რომელშიც საწყისი წრის შემდეგ ჩრდილოეთ ირლანდიის (1:1) და ლატვიის (1:1) 21-წლამდელთა ნაკრებებთან ნათამაშები ფრის, მალტასთან (5:0) გამარჯვების და საბერძნეთთან (0:3) და გერმანიასთან (0:2) წაგების შემდეგ, 5 ქულით 6-გუნდიან ჯგუფში მეოთხე პოზიცია უკავია. მეორე წრის მატჩების გამართვას რამაზ სვანაძის გუნდი 2026 წლის მარტიდან განაახლებს.

საკლუბო ფეხბურთი

საქართველოში საკლუბო დონეზე არსებული 3 ტიტული ორმა გუნდმა გაინაწილა. იბერია 1999 ქვეყნის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ და ისტორიაში მესამედ გახდა, გორის დილამ კი რომელიც ეროვნულ ლიგაში მეორე ადგილზე გავიდა, დავით ყიფიანის სახელობის თასი და სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი მოიგო.

საერთაშორისო დონეზე საქართველოს 2025 წელს 4 გუნდი: იბერია 1999, გორის დილა, ქუთაისის ტორპედო და სპაერი წარმოადგენდა. საწყისი ეტაპის ბარიერის დაძლევა იმერულმა და შიდა ქართლურმა გუნდებმა მოახერხეს, რომლებმაც შესაბამისად ყაზახურ ორდაბასსა და ლუქსემბურგის რასინგს აჯობეს, მაგრამ კვიპროსულ ომონიასა და ლატვიურ რიგასთან წააგეს.

ჩემპიონთა ლიგაზე იბერია 1999-მა მალმიოს წინაღობა ვერ დაძლია, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კი ესტონურმა ლევადიამ აჯობა და ევროპულ ტურენირებს ამ სეზონში გამოეთიშა. ევროპულ ტურნირებზე დებიუტანტმა სპაერმა კი ვენის აუსტრიასთან ითამაშა და ორი მატჩის ჯამში დიდი ანგარიშით წააგო.

წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთის რეიტინგი უეფას კოეფიციებტში გაუარესდა და ორი სეზონის შემდეგ საქართველოს ევროპულ ტურნირებზე 4-ის ნაცვლად 3 გუნდი წარმოადგენს.

ქართულ საკლუბო ფეხბურთს ახალგაზრდულ დონეზე წარმატების მიღწევის შესაძლებლობა ჰქონდა. დინამო თბილისის 19-წლამდელთა გუნდმა უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე ისტორიაში სადებიუტოდ ორი ეტაპი გაიარა, ჯერ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის წარმომადგენელ ჟრინსკის, შემდეგ კვიპროსულ აეკ ლარნაკას აჯობა და 1/16-ფინალში მოხვედრამდე საშინაო კედლებში მინსკის დინამოსთან ორმატჩიან დუელში ორბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება სჭირდებოდა, მაგრამ არ გამოუვიდა და პანელტების სერიაში ადგილი ბელარუსის წარმომადგენელ მეტოქეს დაუთმო.

შემდეგ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის საწყის საკვალიფიკაციო ეტაპზე კვლავ იბერია 1999, ხოლო კონფერენს ლიგაზე გორის დილა, ქუთაისის ტორპედო და დინამო ითბილისი გამოვლენ.

ეროვნულ ლიგაში და ეროვნულ ლიგა 2-ში საინტერესო შედეგი დაფიქსირდა და რანგით ზედა ლიგის წარმომადგენლებმა ქვედალიგელებს ადგილი სრულად დაუთმეს. კონრეტულად, ეროვნული ლიგიდან ფოთის კოლხეთი 1913, თელავი და საგარეჯოს გარეჯი გავარდნენ, მათ ნაცვლად კი ქვეყნის ყველაზე მაღალ დივიზიონში რუსთავი და ორი დებიუტანტი, ტყიბულის მეშახტე და სპაერი ითამაშებენ. ეროვნული ლიგა 2-დან დინამო თბილისი 2, იბერია 1999 2, გონიო და თბილისის ლოკომოტივი ლიგა 3-ში დაქვეითდნენ, ხოლო მათ ადგილებს სართიჭალის შტურმი, გორი, ოდიში 1919 და არაგვი დაიკავებენ. თავის მხრივ, ლიგა 3-დან ბახმარო, ბორჯომი და თბილისის ლოკომოტივი 2 დაქვეითნდნენ, ლიგა 4-დან კი იბერია 2010, ხაშურის ივერია და ლანჩხუთის გურია აღზევდნენ.