Belive

2021 წლის სეზონი: ეროვნულ ლიგაში ცვლილებები იქნება 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
25 იანვარს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის წლის პირველი შეხვედრა გაიმართა და რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლეც გაჟღერდა. ინფორმაციას სფფ-ს ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. "აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 2021 წლის სეზონის შესახებ იმსჯელეს. ძირითადი ცვლილება ლიგა 3-ს და ლიგა 4-ს შეეხო, აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით ლიგა 3-ში ახალი სეზონიდან 14 გუნდი იასპარეზებს, ლიგა 4-ში კი, 20. ეროვნულ ლიგასა და ეროვნულ ლიგა 2-ში გუნდების ინიციატივით აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2021 წლის სეზონში ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართულ მატჩებს გუნდებს სამის ნაცვლად ხუთი ცვლილების განხორციელება შეეძლებათ. უცვლელი დარჩა მატჩის ოქმში ფეხბურთელების რაოდენობა და ის კვლავ 20 მოთამაშეს შეადგენს" - წერს სფფ-ს ოფიციალური ვებ-გვერდი. ​ლიგებში მონაწილე გუნდების რაოდენობის ცვლილებიდან გამომდინარე 2021 წლის სეზონზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სხვადასხვა ლიგების ფორმატის შესახებ აღმასრულებელი კომიტეტი მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს, თუმცა სფფ-ს გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა აღნიშნა, რომ ფედერაციას, წინა სეზონისგან განსხვავებით, ტურნირის 36-ტურიანი ფორმატით ჩატარება სურს. "აღმასრულებელმა კომიტეტმა იმსჯელა იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელებიც საქართველოში 2020 წელს განხორციელდა, განხილვა ასევე შეეხო 2021 წელს დაგეგმილ პროექტებს და ამ პროექტებში ფიფას და უეფას ჩართულობას. აღმასკომის გადაწყვეტილებით ერთ-ერთი პროექტი, რომლის განხორციელებაში დასახმარებლად ფეხბურთის ფედერაცია უეფას მიმართავს ქუთაისის საფეხბურთო აკადემიაა. შეგახსენებთ, რომ პროექტის მიხედვით ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების აკადემიის მშენბელობა იგეგმება, რომელიც ადმინისტრაციულ შენობასთან, ტრიბუნებთან და ყველა სხვა საჭირო ინფრასტრუქტურასთან ერთად ორ ბუნებრივ და ორ ხელოვნურსაფარიან მოედანს მოიცავს", - იუწყება სფფ-ს ვებ-გვერდი. წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

სხვა სტატიები