2 დღე თურქეთამდე | კიტეიშვილი ინდივიდუალურად ემზადება
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩის ჩასატარებლად ემზადება.
15 ივნისს, ვილი სანიოლის გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე კიდევ ერთხელ ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გუნდთან ერთად არ უვარჯიშია ოთარ კიტეიშვილის, რომელიც მზადებას ინდივიდუალური პროგრამით განაგრძობს.
ვარჯიშის დაწყებამდე, მედიის კითხვებს ლუკა ლოჩოშვილმა და ზურიკო დავითაშვილმა უპასუხეს.
ძალიან კარგად მიმდინარეობს მოსამზადებელი პროცესი. ავსტრიის შეკრება ნაყოფიერი იყო. კარგ გარემოში ვიყავით და ვიმუშავეთ როგორც ფიზიკურ კონდიციებზე, ისე ტაქტიკურ მომზადებაზე.
გერმანიაში უკვე იგრძნობა ევროპის ჩემპიონატის ატმოსფერო. ყველანაირი პირობა გვაქვს მოსამზადებლად. ვფიქრობ, ოპტიმალურ ფორმაში უნდა შევხვდეთ პირველ თამაშს.
ღია ვარჯიშს ძალიან ბევრი ქართველი გულშემატკივარი დაესწრო და მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი გულშემატკივარი იქნება, ჩვენთვისაც უფრო ადგილი იქნება თამაში და მეტ მხარდაჭერას ვიგრძნობთ სტადიონზე.
თურქეთის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია. კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც ევროპაში კარგად ასპარეზობენ. საინტერესო შეხვედრა უნდა იყოს. კარგი გამოცდილება და ტესტი იქნება ჩვენთვის. ვფიქრობ, შეგვიძლია ამ თამაშის წარმატებით დასრულება, რის შემდეგაც სხვა მატჩებზე ვკონცენტრირდებით - ამბობს ლუკა ლოჩოშვილი
ვემზადებით მაქსიმალურად. ჯერჯერობით, უფრო მეტად საკუთარ თავზე გვაქვს კონცენტრაცია, თუმცა ვიწყებთ მეტოქის განხილვასაც. იმედია, ყველაფერს ისე ვიზამთ, როგორც საჭიროა და სასურველ შედეგს მივაღწევთ.
სასიამოვნოა, როდესაც შენი ქვეყნიდან ვარჯიშზეც კი ამდენი გულშემატკივარი მოდის. თამაშზე ბევრად მეტი ქომაგი იქნება, რაც მეტ მოტივაციას გაძლევს.
ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ფსიქოლოგიური მზადყოფნაა. ჩემი აზრით, ყველაფრისთვის მზად ვართ, რაც თითოეულ მოთამაშეს ეტყობა. გუნდში ძალიან მაგარი გარემოა და იმედია ამ ყველაფერს სტადიონზე გადავიტანთ თამაშის დროს - განაცხადა ზურიკო დავითაშვილმა
16 ივნისს, საქართველოს ნაკრების ვარჯიში დახურული იქნება. 17 ივნისს ჩვენი გუნდი დორტმუნდში, საქართველო - თურქეთის მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშებს. ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებული მედიისთვის ვარჯიშის საწყისი 15 წუთი ღია იქნება. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება.