Belive

18 წლის წინ: ჩამქრალი შუქი, პოლიტიზირებული ფეხბურთი და გამარჯვება პრინციპულ მეტოქესთან

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ზუსტად 18 წლის წინ, 2003 წლის 30 აპრილს, ქართულმა ფეხბურთმა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება იზეიმა. 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი საქართველოს ნაკრებმა პრინციპულ მეტოქესთან გამართა. თუმცა, რუსეთის ეროვნულ გუნდთან დაპირისპირება 1 წლით ადრე უნდა შემდგარიყო. ასეც მოხდა, 2002 წელს თბილისში დაწყებული შეხვედრა პირველი ტაიმის ბოლოს იმ მიზეზით შეწყდა, რაც იმდროინდელ საქართველოში არცისე უჩვეულო მოვლენა იყო - "ლოკომოტივის" სტადიონზე შუქი ჩაქრა. ძაბვის ვარდნამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 200 000 დოლარიანი ზარალი, ჩვენს ქვეყანას კი საერთაშორისო ორგანიზაციების თვალში უნდობლობა მოუტანა.
ინციდენტს თან სდევდა მძიმე პოლიტიკური რეალობა, პრობლემები უეფაში, არეულობა თბილისში და მომწიფებული რევოლუცია. ამ ყველაფრის ფონზე, მატჩის ორგანიზება კიდევ უფრო რთულდებოდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ წარსული უარყოფითი გამოცდილების გამო, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო შეხვედრის ნეიტრალურ არენაზე გამართვას უჭერდა მხარს. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ფეხბურთი ამჯერადაც პოლიტიკის საგანი გახდა. რუსული მედია და პოლიტიკოსები აპროტესტებდნენ მატჩის საქართველოში ჩატარებას და უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურ დაცვას ითხოვდნენ. ის კი არა, ხმებიც დადიოდა, თითქოს ვლადიმირ პუტინმა ედუარდ შევარდნაძეს სატელეფონო ზარისას აცნობა, რომ მატჩი საქართველოს სასარგებლოდ არ უნდა დასრულებულიყო - მაქსიმუმ ფრე. ამის შემდეგ, ჭორებს ვინღა შეაჩერებდა: თითქოს საქართველოს მატჩი მეტოქისთვის ჰქონდა "მიყიდული" და უკვე წასაგებად ემზადებოდა. არეულობას თან დაერთო შოთა არველაძის შეკრებიდან წასვლა, რომელიც ივო შუშაკმა ძირითად შემადგენლობაში არ შეიყვანა. ხორვატ სპეციალისტს კრიტიკას არც შემადგენლობის შერჩევის გამო აკლებდნენ, ყველაზე მეტად კი მალხაზ ასათიანის სასტარტო თერთმეტეულში დაყენებას უწუნებდნენ. საბოლოოდ, სწორედ ოფიციალურ მატჩში დებიუტანტმა გადაწყვიტა შეხვედრის ბედი. დემეტრაძის ჩაწოდებაზე ასათიანის ზუსტი თავურით მეტოქის კარში შეგდებული ბურთით, საქართველომ მეზობლები მინიმალური სხვაობით დაამარცხა - 1:0.
"ლოკომოტივის" სტადიონის მიღმა ათასობით გულშემატკივარი იყო შეკრებილი, ისინი მატჩს თვალს დიდი ეკრანის წინ ადევნებდნენ, ვინაიდან უეფამ მხოლოდ ის გულშემატკივრები დაუშვა, ვისაც წინა, ჩაშლილი შეხვედრის ბილეთები შენახული ჰქონდა. ამის მიზეზიც არსებობდა: მანამდე, ირლანდიასთან მატჩში ქართველმა ქომაგებმა სტადიონზე დანა ისროლეს. ქუჩაში შეკრებილი გულშემატკივრის ზეიმი განსაკუთრებული იყო, ბევრი ქომაგის აზრით, ვინც პროცესის უშუალო თანამომაწილე იყო, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში თბილისის ქუჩებში ყველაზე დიდი საფეხბურთო ზეიმი სწორედ რუსეთთან გამარჯვების შემდეგ იყო. თუმცა შეთქმულების თეორიის მოყვარულთათვის ამას ხელი არ შეუშლია: თურმე საქართველომ გამარჯვება "იყიდა"... გოლი: ასათიანი (11) საქართველო: გიორგი ლომაია, ოთარ ხიზანეიშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, კახი კალაძე, დავით კვირკველია, ლადო ბურდული (გიორგი შაშიაშვილი 80), ლევან ცქიტიშვილი, გიორგი ნემსაძე, გიორგი დემეტრაძე, მიხეილ აშვეთია (რატი ალექსიძე 85), მალხაზ ასათიანი (გივი დიდავა 75). მთავარი მწვრთნელი: ივო შუშაკი (ხორვატია)

სხვა სტატიები