ძიუბა: ,,არ მრცხვენია, რომ რუსი ვარ, ვამაყობ ამით''
2 წლის წინ
ფეხბურთი
3 წთ
რუსეთის ნაკრებისა და სანქტ-პეტერბურგის ,,ზენიტის" ფეხბურთელი, არტიომ ძიუბა რუსეთ-უკრაინის ომს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. რუსმა ფეხბურთელმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც გუშინ მას უკრაინის ნაკრების მცველმა, ვიტალი მიკოლენკომ, მიმართა და უთხრა, რომ სანამ ის ჩუმადაა, უდანაშაულო ხალხი იხოცება:
"ბოლო მომენტამდე არ მსურდა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, კომენტარი გამეკეთებინა. არ მსურდა არა იმიტომ, რომ მეშინია, უბრალოდ, პოლიტიკის საკითხებში ექსპერტად არ გამოვდგები, არასდროს ჩავრეულვარ და არც ვაპირებდი (პოლიტოლოგებისა და ვირუსოლოგებისაგან განსხვავებით, რომლებიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გამოჩნდა ინტერნეტსივრცეში). მაგრამ, მეც, ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანს, მაქვს ჩემი მოსაზრება, რადგან ყველა მხრიდან მექაჩებიან ამ საკითხისკენ, ვიტყვი ჩემს აზრს. ომი - ის საშიშია. მაგრამ, მე მაოცებს ადამიანების აგრესია და ზიზღი, რომელიც ყოველდღიურად საზარელ მასშტაბებს იძენს. წინააღმდეგი ვარ ეროვნებისა და წარმომავლობის მიხედვით დისკრიმინაციის. არ მრცხვენია, რომ რუსი ვარ. ვამაყობ ამით. ვერ გამიგია, რატომ უნდა იტანჯებოდნენ ახლა სპორტსმენები. ორმაგი სტანდარტების წინააღმდეგი ვარ. რატომ შეიძლება ერთისთვის ყველაფერი, ჩვენ კი მხოლოდ გვადანაშაულებენ. რატომ გაჰკიოდა ყველა, რომ სპორტი პოლიტიკის მიღმაა, მაგრამ პირველსავე შესაძლებლობაზე, როცა საქმე რუსეთს ეხება, ეს პრინციპი ყველას ავიწყდება. კიდევ გავიმეორებ, ომი საშინელებაა. სტრესულ სიტუციებში ადამიანები საკუთარ თავს ავლენენ, ხშირად უარყოფითს. რამდენი ბრაზი, ტალახი და ღვარძლი ესროლეს რუს ხალხს, განურჩევლად მათი პოზიციისა თუ პროფესიისა. რიგში ჩადექით ადამიანები, რომლებიც მუქარებსა და შეურაცხყოფას ავრცლებთ, ასეთი ათასობითაა. ორმაგად უცნაურია ამ ყოველივეს მოსმენა იმ ადამიანებისაგან, რომლებსაც რუსეთმა ძალიან, ძალიან ბევრი გაუკეთა მათ ცხოვრებაში. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტ ნეგატივს წარმოშობს. ომი დასრულდება, ადამიანური ურთიერთობები კი დარჩება. უკან გადახვევა უკვე შეუძლებელი იქნება. გახსოვდეთ ეს. პ.ს. მინდა მივმართო რამდენიმე ვაი კოლეგას, რომლებიც ინგლისში თავიანთ სასახლეებში სხედან და სისაძაგლეებს ლაპარაკობენ: ეს ჩვენ ვერ შეურაცხგვყოფს, ყველაფერს ვხვდებით. ყველას გისურვებთ მშვიდობასა და სიკეთეს," - წერს ფეხბურთელი ინსტაგრამზე.21 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, 24 თებერვალს კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო. სპორტის არაერთი სახეობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთი მკაცრი სანქციებით დასაჯა.
View this post on Instagram