Belive

ცვლილებები დინამოში: ახალი სპორტული დირექტორი და მთავარი მწვრთნელის განახლებული კონტრაქტი

2 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
13 სექტემბერს, ეროვნული ლიგის ბოლო ორი სეზონის ჩემპიონმა გუნდმა, "დინამო თბილისმა" დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას კლუბის ახალი სპორტული დირექტორი, ალექსანდრე რეხვიაშვილი წარუდგინა და მედიას იმ ფაქტის შესახებ აცნობა, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელთან, კახა ცხადაძესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. კლუბში არსებულ სიახლეებზე პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ, მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ და ახლადდანიშნულმა ფუნქციონერმა ისაუბრეს.
"დაახლოებით 2 წლის წინ, კლუბის აღმასრულებელ დირექტორ ზაზა დოლიძესთან ერთად გავდიოდი საკითხს, რომ გვსურდა ბორდის ჩამოყალიბება, თუმცა პანდემიამ ხელი შეგვიშალა, ახლა კი წარმოგიდგენთ ჩვენი გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს, ალექსანდრე რეხვიაშვილს. ამავე დროს, შეგვიძლია გაცნობოთ, რომ კახა ცხადაძე "დინამოსთან" კონტრაქტს 2 წლით გაახანგრძლივებს. ამ თემაზე შეთანხმებას უკვე მივაღწიეთ.  მე გადავწყვიტე, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. მალე, ზაზა დოლიძე ბორდის ახალ ხელმძღვანელებსაც წარმოგიდგენთ და ეს ქართულ რეალობაში ახალი სიტყვა იქნება. შევეცდებით, რომ გუნდს პროფესიონალები მართავდნენ.  მე უკვე 10 წელია, რაც "დინამოში" ვარ და თქვენ ალბათ კარგად გახსოვთ საწყისი წლები, თუ რამდენი კრიტიკა მოყვა აკადემიის მშენებლობას, რომელმაც უკვე თავისი სიტყვა თქვა. ამ ბოლო წლების განმავლობაში, ისეთი ორი გამოცდილი სპეციალისტი, როგორიც კახა ცხადაძე და ალექსანდრე რეხვიაშვილია, ერთბაშად არ გვყოლია. მინდა ხაზგასმით ერთი რამ აღვნიშნო, 10 წლის განმავლობაში არცერთი მწრვთნელისთვის კონკრეტული ფეხბურთელის თაობაზე შენიშვნა არ მიმიცია, თუმცა პასუხისმგებლობას ვგრძნობდი და ამიტომ მიწევდა გადაწყვეტილების მიღება. ახლა ძალაუფლება საუკეთესო პროფესიონალებს გადავეცი და ისინი ამ საქმეს თავს უკეთ გაართმევენ", - განაცხადა რომან ფიფიამ.
კლუბის ახალმა სპორტულმა დირექტორმა აღნიშნა, რომ მთავარი აქცენტი "დინამო თბილისის" აკადემიაზე გაკეთდება: "კონკრეტულ საკითხებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. ამას დრო გვაჩვენებს. მთავარი აქცენტი აკადემიის ფეხბურთელებზე გაკეთდება, იმაზე, რომ მათ ყველა საფეხური წარმატებით გაიარონ და ჩვენი ბიზნეს-პროექტის წარმატებული ნაწილი გახდნენ. დეტალებზე, მოგვიანებით, კიდევ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ".
კახა ცხადაძე: "კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ - მინდა, რომ ეს პათოსი  დასრულდეს" | Live.ge
"დინამოში" მოსალოდნელი სიახლეების და სამომავლო გეგმების შესახებ კომენტარი კახა ცხადაძემაც გააკეთა: "ევროტურნირების შემდეგ ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ "დინამოში" აუცილებელი იყო გლობალური ცვლილებები. "დინამო თბილისი" ყველასთვის საყვარელი კლუბი იყო, ახლა კი სიძულვილისა და აგრესიის ადრესატი გახდა. ამ ყველაფრის გამოსწორებას, გლობალური ცვლილებები სჭირდება. პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ კლუბის განვითარებისთვის აუცილებელი იყო სპორტული დირექტორის დანიშვნა.  ალექსანდრე რეხვიაშვილი ძალიან პროფესიონალი და გამოცდილი კადრია, რომელიც "დინამო თბილისის" წარმატებისთვის საჭირო ფიგურა იქნება. შევეცდებით, უახლოეს პერიოდში ისეთი ფეხბურთელები დავიმატოთ, რომლებიც ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრების მოთამაშეები გახლდნენ და გუნდი უფრო მეტად გავაძლიეროთ. მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება აკადემიაში მწვრთნელთა გადამზადება და გამოცდილი სპეციალისტების დამატება. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ადრეულ ასაკში ფეხბურთელი არ დაგვტოვებს და ის ყველა იმ ეტაპს გაივლის, რომელიც ახალი პროგრამით იქნება გათვალისწინებული. მთავარი გადაწყვეტილება არის ის, რომ, ნიჭიერი ფეხბურთელები გუნდს მხოლოდ მას შემდეგ დატოვებს, რაც მთავარ გუნდში სულ მცირე ორ სეზონს გაატარებს".

სხვა სტატიები