Belive

სანტუში ბელგიასთან მატჩზე: ,,ფინალია და აქ მოგებაა საჭირო და არა ლამაზი ფეხბურთის თამაში''

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა, ბელგიასთან გასამართ მერვედფინალურ მატჩზე ისაუბრა:
,,ჩვენი პრინციპების ერთგულნი უნდა ვიყოთ. მხოლოდ მეტოქის გამო სათამაშო სტილის შეცვლას არ ვაპირებთ - ამას როგორც წესი პატარა გუნდები აკეთებენ. ნაკრებმა 4 დღე დაისვენა, არ ვიცით, რა მოხდება ვარჯიშზე, ამიტომ მატჩის დღეს გადავწყვეტთ, ვინ ითამაშებს. ბელგიელები გოლს რეგულარულად იტანენ და მსუბუქად თამაშობენ. მათ ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებსაც თამაშზე დიდი გავლენა აქვთ. თუმცა, ბელგია არ მიმართავს პერსონალურ მეურვეობას და ამას არც ჩვენ ვაპირებთ. ეს ორი ერთი დონის გუნდის შეხვედრაა. ფინალია და აქ მოგებაა საჭირო და არა ლამაზი ფეხბურთის თამაში. მჯერა და იმედი მაქვს, რომ მეტოქეს ვაჯობებთ. ვფიქრობ, ისინი სამი ნახევარმცველით ითამაშებენ, რომელთა შორის დე ბრუინი ყველაზე წინ იქნება. უნგრეთი უფრო ღრმად თამაშობდა და შანსების გამოყენებას კონტრშეტევებზე ცდილობდა. როცა ბელგია სამი ნახევარმცველით თამაშობს, ლუკაკუ გუნდის ,,ღერძია'', მერტენსი და კარასკო კი ფლანგებზე მუშაობენ. დაცვაში ყურადღებით უნდა ვითამაშოთ, ისე, როგორც საფრანგეთთან და უნგრეთთან. როცა ბურთი გვაქვს, მომენტების შექმნა კარგად გამოგვდის. პორტუგალიის ნაკრებს გოლების გატანა შეუძლია,'' - სანტუშის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
დღეს ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ერთმანეთს პორტუგალიისა და ბელგიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან, მატჩი სევილიაში გაიმართება.

სხვა სტატიები