Belive

ლუკაკუ: ,,ვისურვებდი, რონალდუს დრიბლინგი და დარტყმა მქონდეს, ის ჩემს ძალასა და სიზუსტეს ისურვებდა''

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ბელგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ, პორტუგალიასთან მერვედფინალური შეხვედრის წინ, კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა:
,,რონალდუმ სერია ა-ში უფრო მეტი გოლი გაიტანა, მაგრამ ჩვენ იტალიის ჩემპიონები გავხდით. ჩემთვის ტიტულის მოპოვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. იმედია, ამას მომავალ სეზონშიც შევძლებთ. ვისურვებდი, რომ რონალდუს დრიბლინგი და დარტყმა მქონდეს, ის კი ჩემს ძალასა და სიზუსტეს ისურვებდა. კრიშტიანუს რეკორდები შთამბეჭდავია, მის წინაშე ქუდს ვიხდი. რამდენი წლისაა ის? 36-ის? როცა ,,იუვენტუსი'' ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა, მას აკრიტიკებდნენ, მე კი ვფიქრობდი - ,,ვაუ, ეს დაუჯერებელია.'' შემდეგ თამაშში ჰეთთრიკი გაიფორმა. დიდი მოტივაციაა, როცა შენს ლიგაში ასეთი ფეხბურთელი თამაშობს, მასთან მიახლოებას ცდილობ. რონალდუ არის მოთამაშე, რომელსაც შეგიძლია ენდო, ის მატჩებს იგებს. ,,ოქროს ბურთის'' მოგება ჩემი ბავშვობის ოცნებაა. როცა კეინზე, ლევანდოვსკისა და ბენზემაზე საუბრობენ, მათ მსოფლიო დონის ფორვარდებად მოიხსენიებენ, ჩემზე კი ამბობენ, რომ კარგ ფორმაში ვარ. ბოლო ორი წელია დავამტკიცე, რომ ეს მხოლოდ კარგი ფორმა არ არის და ვფიქრობ, ახლა მეც მათ სიაში ვარ,'' - ლუკაკუს სიტყვებს Marca ციტირებს.
ბელგია და პორტუგალია ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში დაუპირისპირდებიან. გუნდებს შორის შეხვედრა ხვალ, 27 ივნისს გაიმართება.  

სხვა სტატიები