120 მილიონი ევრო - მანჩინიმ მაცდური წინადადება მიიღო
იტალიის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების შემდეგ, რობერტო მანჩინის უსაქმოდ ყოფნა დიდხანს არ მოუწევს. იტალიურ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, მანჩინის, საუდის არაბეთის საფეხბურთო ნაკრების გაწვრთნა შესთავაზეს.
იმ შემთხვევაში, თუ იტალიელი სპეციალისტი შეთავაზებას დათანხმდება კოლოსალურ ანაზღაურებას მიიღებს. საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაცია მზადაა, რობერტო მანჩინის 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს და ხელფასის სახით 120 მილიონი ევრო გადაუხადოს.
La Gazzetta Dello Sport-ის მტკიცებით, მანჩინი უდიდესი ალბათობით აღნიშნულ შეთავაზებას დათანხმდება და მომდევნო 48 საათის განმავლობაში ოფიციალურ კონტრაქტს მოაწერს ხელს.
შეგახსენებთ, 58 წლის რობერტო მანჩინი იტალიის საფეხბურთო ნაკრებს 2018-23 წლებში წვრთნიდა. მისი მეთაურობით "აძური" 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, თუმცა, ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება ვერ მოიპოვა, რაც უდიდეს იმედგაცრუებად შეფასდა.