Belive

12-წლიანი აკრძალვის შემდეგ, არგენტინის ჩემპიონატში მატჩზე დასწრების უფლება სტუმარი გუნდის ქომაგებსაც ექნებათ

4 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

არგენტინის ფეხბურთის ასოციაციაციის გადაწყვეტილებით, სტუმარი გუნდის გულშემატკივრებს მატჩზე დასწრების უფლება კვლავ ექნებათ.

აკრძალავა 2013 წელს, ძალადობრივი ინციდენტების, მათ შორის ლანუსის ფანის გარდაცვალების გამო დაწესდა.

ასოციაციის პრეზიდენტის, კლაუდიო ტაპიას თქმით, გადაწყვეტილება, გარკვეულწილად, ანხელ დი მარიას არგენტინის ჩემპიონატში დაბრუნებასთანაცაა დაკავშირებული, რამაც ქომაგებში დიდი მღელვარება გამოიწვია. ცვლილება პირველად სწორედ დი მარიას მშობლიური გუნდის, როსარიო სენტრალისა და ლანუსის მატჩში დაიტესტება, სადაც წინასწარი მონაცემებით, როსარიო სენტრალის 6 500-მდე გულშემატკივარს ელოდებიან.

ეს ისტორიული დღეა, რადგან მატჩებზე სტუმარი გულშემატკივრების დაბრუნება ეტაპობრივად იწყება. სამართალდამცველებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. ყველას გვსურს, რომ სტადიონზე ორივე გუნდის გულშემატკივრები იყვნენ.

უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სტუმრების ბილეთებზე პირადობის დამადასტურებელი მონაცემები იქნება მითითებული, კლუბები კი თავიანთი გულშემატკივრების ქცევაზე აგებენ პასუხს.

თავდაპირველად აკრძალვა მხოლოდ ბუენოს აირესის კლუბებს ეხებოდა, რაც თანდათან სხვა ქალაქებზეც გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივა ძალადობის პრევენციას ისახავდა მიზნად, ფანებს შორის დაპირისპირებას მისი ამოქმედების შემდეგ, უფრო მეტი ადამიანი შეეწირა.

აკრძალვა მხოლოდ არგენტინის საფეხბურთო დივიზიონებს შეეხებოდა და საერთაშორისო მატჩებზე არ ვრცელდებოდა. შესაბამისად, სტუმარი გუნდის გულშემატკივრებს კოპა ლიბერტადორესისა და კოპა სუდამერიკანას შეხვედრებზე დასწრება აქამდეც შეეძლოთ.

სხვა სტატიები