ახალი კვირიდან 2021 წლის დასკვნითი დიდი სლემის ტურნირი - ამერიკის ღია პირველობა აიღებს სტარტს, თუმცა ძირითადი ბადის სრულად დასაკომპლექტებლად საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები მიმდინარეობს.
ტურნირზე მონაწილეობას ნიკოლოზ ბასილაშვილთან ერთად, ქართველი ქალი ჩოგბურთელები, ეკო გორგოძე და მარიამ ბოლქვაძეც იღებდნენ, თუმცა მათ შორის ერთ-ერთი - ეკო გორგოძე, საკვალიფიკაციო ეტაპის პირველივე წრეში დამარცხდა, ბოლქვაძე კი ტურნირს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა.
ეკოს მეტოქე იტალიელი ჩოგბურთელი, ლუკრეზია სტეფანინი გახლდათ, რომელთანაც 3-სეტში ანგარიშით - 3:6; 6:3; 6:0 დამარცხდა.
რაც შეეხება მარიამ ბოლქვაძეს, მან პირველი რაუნდი წარმატებით გაიარა - ქართველმა ჩოგბურთელმა უკრაინელი, დარია სნიგური 3-სეტიან ბრძოლაში – 7:5; 4:6; 6:4 დაამარცხა და მეორე წრეში გავიდა, სადაც მსოფლიო რეიტინგის 150-ე საფეხურზე მყოფ ემმა რადუჩანუს დაუპირისპირდა. შეხვედრა 2-სეტში, ანგარიშით - 6:3; 7:5, რადუკანუს გამარჯვებით დასრულდა.
ამრიგად, ქართველი გულშემატკივრების ყურადღება კვლავ მხოლოდ ნიკოლოზ ბასილაშვილისკენ იქნება მიმართული, რომელიც ტურნირს ძირითადი ბადიდან იწყებს, სადაც პირველ შეხვედრას სებასტიან კორდას წინააღმდეგ გამართავს.