"თუ ვიგრძნობ რომ ჩემპიონობისთვის მზად ვარ, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვითამაშებ" - ჯოკოვიჩი
6 თვის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
როლან გაროსის 1/4-ფინალში მიღებული ტრავმისა და ოპერაციიდან თითქმის 3 კვირის შემდეგ, ნოვაკ ჯოკოვიჩი ლონდონში ჩაფრინდა და უიმბლდონისთვის მომზადება დაიწყო.
37 წლის ლეგენდარულმა სერბმა, 25 ივნისს, ბალახის საფარზე თითქმის 2 საათი ივარჯიშა და აღნიშნა, რომ ოპერაციის შემდეგ დაბრუნება ოდნავ გაუჭირდა, თუმცა რეაბილიტაციის პროცესი იდეალურად მიმდინარეობს და რამდენიმე დღეში გადაწყვეტს, ითამაშებს თუ არა იმ შეჯიბრზე, რომელიც კარიერაში 7-ჯერ აქვს მოგებული.
"3 კვირაა რაც ოპერაცია გავიკეთე და რამდენიმე დღის წინ დავიწყე აქტიური ვარჯიში. ჩემი ტრავმის რეაბილიტაციის პროცესი იდეალურად მიმდინარეობს და მიხარია, რომ შემიძლია აქტიური ვარჯიშის ჩატარება ასეთ მნიშვნელოვან დროს.
ყველა მეკითხება ვითამაშებ თუ არა უიმბლდონზე, ჩემი სურვილი რა თქმა უნდა, ძალიან დიდია, თუმცა მინდა შეგახსენოთ, რომ 37 წლის ვარ და ტრავმის შემდეგ ჩემი აღდგენითი პროცესი ისეთი მარტივი აღარ არის.
მე არ მოვსულვარ აქ რამდენიმე რაუნდის სათამაშოდ, მე აქ ჩემპიონობისთვის მოვედი და თუ ვითამაშებ, მხოლოდ ჩემპიონობისთვის.
რამდენიმე ვარჯიშს ჩავატარებ და უკეთ შევხედავ საკუთარ შესაძლებლობებს. თუ დავინახავ, რომ ტრავმა ბოლომდე მოვიშუშე და საჩემპიონოდ მზად ვიქნები, მონაწილეობას მივიღებ. და თუ ამ ყველაფრისთვის მზად არ ვიქნები, ჩემს ადგილს სხვას დავუთმობ..." - ნოვაკ ჯოკოვიჩი
შეგახსენებთ, რომ უიმბლდონის ძირითადი ბადე 1 ივლისს აიღებს სტარტს და 14 ივლისს დასრულდება. საკვალიფიკაციო ეტაპები დაწყებულია, თუმცა შეჯიბრი ოფიციალურად სტარტს 1 ივლისიდან აიღებს, მაშინ, როდესაც ბადე ყველა მოთამაშით დაკომპლექტდება.