"სხეული აღარ მომყვება..." - რაფა ნადალი მონტე კარლოს მასტერსიდან მოეხსნა
22-გზის სლემის გამარჯვებული და "თიხის მეფედ" წოდებული, ლეგენდარული ესპანელი ჩოგბურთელი - რაფა ნადალი, მონტე კარლოს მასტერსს ჩაეხსნა, რომელიც 7-14 აპრილს გაიმართება.
რაფა ნადალმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც თავისი ტრავმის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მას სამწუხაროდ, სხეული აღარ უწყობს ხელს, რომ ტრავმები მალე მოიშუშოს და კორტზე კვლავ დაბრუნდეს.
"ეს ძალიან რთული პერიოდია ჩემთვის, სპორტული თვალსაზრისით. სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ ვერ ვითამაშებ მონტე კარლოში. ჩემი სხეული უბრალოდ არ მაძლევს საშუალებას, რომ ტრავმები მალე მოვიშუშო და კორტზე დავბრუნდე, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ვთქვი, რომ 2024 წელი ჩოგბურთში სავარაუდოდ ჩემი ბოლო წელია..." - რაფა ნადალი
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, რაფა ნადალმა თავის ტრავმასა და სირთულეებზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ 2024 წელი მის კარიერაში სავარაუდოდ ბოლო წელია და კარიერას დაასრულებს.
რაფა ნადალმა ტრავმების გამო 2023 წელს სულ 3 მატჩი გამართა, 2024 წელს კი ავსტრალიაში, კერძოდ კი ბრისბენის ტურნირზე დაბრუნდა და იანვრის თვეში ითამაშა, თუმცა მას შემდეგ მას ATP შეჯიბრებზე მონაწილეობა აღარ მიუღია.
ასევე შეგახსენებთ, რომ რაფა ნადალი მონტე კარლოს მასტერსის 11-გზის გამარჯვებულია. მას შემდეგ რაც იგი მონტე კარლოს შეჯიბრს ჩაეხსნა, მის მაგივრად მასტერსის ტურნირზე ჩინელი ჩოგბურთელი - ჟიჟენ ჟანგი ითამაშებს.