საქართველოს ნაკრებმა ბილი ჯინ კინგის თასზე მეორე გამარჯვება მოიპოვა
საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები, პორტუგალიის ქალაქ ოეირასში მიმდინარე “ბილი ჯინ კინგ თასის” ტურნირზე წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს.
- საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრების მეტოქეთა ვინაობა ცნობილია
- საქართველოს ნაკრების პირველი გამარჯვება ბილი ჯინ კინგის თასზე
ირლანდიის დამარცხების (2:1) შემდეგ, საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდა და ერთეულთა თანრიგში დამაჯერებელი გამარჯვება (2:0) მოიპოვა. რაც იმას ნიშნავს, რომ წყვილთა თანრიგში გასამართ მატჩს გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, თუმცა კალაშნიკოვასა და ძალამიძის დუეტმა მარტივად გაიმარჯვა და საერთო ჯამში საქართველოს ნაკრებმა 3:0 დააფიქსირა.
დღის პირველ შეხვედრაში, ნინო ნაცვლიშვილისა და სუზან პრეტორიუსის დაპირისპირება შედგა. ნაცვლიშვილმა მეტოქე 2-სეტში (6:4, 6:2) დაამარცხა.
სანახაობრივი დაპირისპირება გაიმართა ეკო გორგოძესა და ისაბელა კრუგერს შორის. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა - პირველი სეტი გორგოძის გამარჯვებით (6:3) დასრულდა. სამწუხაროდ მეორე სეტი გორგოძემ (2:6) დათმო, თუმცა, მესამე სეტის პირველ და მეოთხე გეიმებში "ბრეიქი" განახორციელა, უპირატესობას დაეუფლა და დამაჯერებელი გამარჯვება (6:2) მოიპოვა.
მესამე შეხვედრა წყვილთა თანრიგში გაიმართა - ძალამიძისა და კალაშნიკოვას დუეტი მანიუბესა და პრეტორიუსის წყვილს დაუპირისპირდა. პირველი სეტი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, 6:2 დასრულდა. მეორე სეტში დომინირება კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა და გამანადგურებელი ანგარიში 6:0 დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ B-ჯგუფში საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები ესტონეთს, ლიეტუვასა და კოსოვოსაც დაუპირისპირდება. A და B-ჯგუფების საუკეთესოები I ჯგუფში გადასასვლელ პლეი-ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებენ.