სპორტული გამოცემები, ისევე როგორც ზოგადად მსოფლიო მედია, რუსეთ-უკრაინის ომმა და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა მოიცვა.
როგორც მოგეხსენებათ, 24 თებერვალს რუსეთის არმიამ უკრაინის საზღვარი გადაკვეთა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რამაც მთელი მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგ განაწყო. ამ დროისათვის ოკუპანტ ქვეყანას უკვე არაერთი სანქცია დაეკისრა, როგორც ზოგადად, ასევე სპორტულ სამყაროშიც.
აღსანიშნავია, რომ სანქციები არ ჩერდება და ეტაპობრივად სულ უფრო ვიწრო წრეში ექცევიან "რუსები".
ბრიტანეთი ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია უკრაინისადმი მხარდასაჭერ ღონისძიებებში, რაც კიდევ ერთხელ დასტურდება იმით, რომ საჩოგბურთო სამყაროში არსებული ყველაზე პრესტიჟული ტურნირის - უიმბლდონის ორგანიზატორები, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად ცდილობენ, რომ რუსი სპორტსმენები ტურნირზე გარკვეული პირობების გარეშე არ დაუშვან.
ის რუსი სპორტსმენები, რომლებიც უიმბლდონზე ასპარეზობას გადაწყვეტენ, მოუწევთ განაცხადონ, რომ ემიჯნებიან ოკუპანტი ქვეყნის ბელადს, ვლადიმირ პუტინსა და მის მსოფმხედველობას.
ჩოგბურთის საერთაშორისო ორგანიზაციამ გარკვეული პერიოდის წინ, რუსეთისა და ბელორუსიის ჩოგბურთის ფედერაციებს საერთაშორისო ფედერაციის წევრობის უფლება ჩამოართვა. ასევე, გააუქმა ტურნირები, რომლებისთვისაც რუსეთსა და ბელორუსიას უნდა ემასპინძლა. ხოლო, ინდივიდუალურად მოასპარეზე რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს, საკუთარი ქვეყნის დროშის ქვეშ ასპარეზობის უფლება ჩამოართვა - მაგალითისთვის, მსოფლიო რეიტინგის ამჟამინდელი პირველი ნომერი, დანილ მედვედევი, ამჟამად მიმდინარე მასტერსის ტიპის ტურნირზე, ინდიან უელსზე, დროშის გარეშე ასპარეზობს.
ამრიგად, როგორც ხედავთ სანქციები არ ჩერდება, რუსული სამყარო კი ფაქტობრივად ყველა დარგში, სულ უფრო დიდი წნეხის ქვეშ ექცევა.