Belive

რაფაელ ნადალის დიდი საჩოგბურთო ისტორია

3 წლის წინ ჩოგბურთი
5 წთ
საჩოგბურთო სამყაროში 2020 წლის უკანასკნელი დიდი სლემის ტურნირი, რომელიც არა ამერიკის ღია პირველობა, არამედ როლან გაროსი გახლდათ, დასრულდა - ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ პანდემიის პირობებში სატურნირო ბადე სრულიად გადასხვაფერდა და ტურნირების ვადებიც შეიცვალა. 2-კვირიანმა პარიზულმა ასპარეზმა ჩოგბურთის მოყვარულებს ძალიან დიდი სიამოვნება მიანიჭა, იყო სანახაობრივი მატჩების სერიებიც და სენსაციებიც, თუმცა ტურნირის მოსაგებ რელსზე ორი ტიტანი შეუპოვრად იდგა, ტიტანების გზა ფინალში გადაიკვეთა, სადაც როლან გაროსის მეფედ შერაცხულმა ჩოგბურთელმა აღნიშნული ტურნირი მეცამეტედ მოიგო - ეს 34 წლის ესპანელი, რაფაელ ნადალია.

საფინალო შეხვედრაში ესპანელი მატადორი მსოფლიო რეიტინგის მოქმედი ლიდერის, ნოვაკ ჯოკოვიჩის წინააღმდეგ ასპარეზობდა, რომელსაც ოფიციალურ შეხვედრაში 2020 წელს მარცხი არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით ამერიკის ღია პირველობაზე მის დისკვალიფიცირებას. ფინალური მატჩის პირველ სეტში ჯოკოვიჩი ნოკდაუნში აღმოჩნდა, მან საოცარი სპორტული სეზონის მიწურულს, დიდი სლემის საფინალო შეხვედრის პირველი სეტი მშრალად, 0-ზე წააგო. სერბი ჩოგბურთელი ნოკდაუნიდან გამოსვლას მეორე სეტში შეეცადა, თუმცა რაფამ მას მხოლოდ 2 გეიმი დაუთმო, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ მესამე სეტს ჩოგბურთელები მხოლოდ 14 გეიმის ჩატარების შემდგომ შეუდგნენ. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე მესამე სეტში რაფაელ ნადალმა მეტოქეს ტაი-ბრეიკის შანსიც არ მისცა და ისედაც შოკირებული ნოვაკ ჯოკოვიჩი საბოლოოდ "დაანოკაუტა". 6:0; 6:2; 7:5 - სწორედ ამ ანგარიშით, 2 საათსა და 43 წუთში, გაანადგურა საფრანგეთისა და ზოგადად თიხნარის მეფემ, რაფაელ ნადალმა, ნოვაკ ჯოკოვიჩი.
"დღეს აბსოლუტურად ყველა კომპონენტში ჩემზე უკეთესად მოთამაშე ჩოგბურთელის წინააღმდეგ დავმარცხდი. რაფას ვულოცავ გამარჯვებას", - განაცხადა ჯოკოვიჩმა დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს.
საფრანგეთის ღია პირველობაზე რაფაელ ნადალი პირველად 2005 წლის საშეჯიბრო ასპარეზზე წარსდგა, სადაც მისი დებიუტი ჩემპიონობით დასრულდა მაშინ, როცა ტურნირზე ფენომენალური და უკვე შემდგარი, იმ დროის პირველი ნომერი, როჯერ ფედერერი ასპარეზობდა და არამხოლოდ, შვეიცარიელის გარდა ტურნირზე მარატ საფინი, ენდი როდიკი, კარლოს მოია, ტიმ ჰენმანი, ივან ლუბიჩიჩი, ანდრე აგასი და სხვა ბრწყინვალე ჩოგბურთელები იღებდნენ მონაწილეობას - 18 წლის ნადალი კი მათ შორის საუკეთესო იყო. 2005 წლიდან ნადალმა მხოლოდ 3-ჯერ (2009; 2015; 2016) ვერ მოახერხა როლან გაროსის მოგება, აქედან ერთ შემთხვევაში ტურნირზე მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია. ერთი კონკრეტული დიდი სლემის ტურნირის 13-ჯერ მოგება - ეს ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია, რომლის გამეორებასა და გაუმჯობესებას შეძლებს თუ არა ვინმე საკმაოდ დიდი ბურუსითაა მოცული, ობიქეტური შეფასებით, ყოველივე ეს, ურთულესი იქნება.

100 გამარჯვება და 2 მარცხი - ასეთია რაფაელ ნადალის ბალანსი როლან გაროსზე




 

ნადალის მიერ მოგებული დიდი სლემის ტურნირები:  ავსტრალიის ღია პირველობა - 2009 საფრანგეთის ღია პირველობა - 2005; 2006; 2007; 2008; 2010; 2011; 2012; 2013; 2014; 2017; 2018; 2019; 2020 უიმბლდონი - 2008; 2010 ამერიკის ღია პირველობა - 2010; 2013; 2017; 2019
ნადალის მიერ გამომუშავებული თანხა (მოცემულია მხოლოდ საჩოგბურთო კარიერით გამომუშავებული თანხა, სასპონსორო ხელშეკრულებების გარეშე) - $122,905,214
ზემოთჩამოთვლილი დიდი სლემის ტურნირების რაოდენობამ, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელის აქტივში შედის, 20-ს მიაღწია, რაც ლეგენდარული როჯერ ფედერერის მაჩვენებელს უტოლდება. შესაბამისად ფედერერის საკუთრებაში მყოფი რეკორდი დღეიდან საზიაროა - ყველაზე მნიშვნელოვანი, მაღალრეიტინგული და პრესტიჟული ტურნირების რაოდენობით საჩოგბურთო სამყაროს სათავეში რაფაელ ნადალი და როჯერ ფედერერი მოექცნენ.
 
View this post on Instagram
 

Who will end top of the Grand Slam pile? 🏆 . #tennis #tennistv #sport #instasport

A post shared by Tennis TV (@tennistv) on

რაფაელ ნადალი მსოფლიო რეიტინგს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა, ჯამში მან პლანეტის პირველი ნომერის პოზიციაზე 209 კვირა გაატარა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. ესპანელ "თიხის მეფეს" წინ კიდევ ძალიან ბევრი ტურნირი ელოდება, რაც ყველაზე მთავარია პირველივე შესაძლებლობისთანავე ნადალი ATP-ის ეგიდით მეათასე შეხვედრის მოგებას შეეცდება (999 მოგება - 201 წაგება) ...

სხვა სტატიები