როლან გაროსის ბადის ნათელი და ბნელი მხარე | ზვერევს სხვებზე მეტად გაუმართლა
3 წლის წინ
ჩოგბურთი
5 წთ
ნათელი და ბნელი მხარე
ხაზგასმით შეიძლება ითქვას, რომ ჩოგბურთის მოყვარულებს ძალიან გაუჭირდებათ ისეთი ტურნირის გახსენება, სადაც სატურნირო ბადის ორ ნაწილად დაყოფის შემთხვევაში, დიდი ტრიო ერთ მხარეს იქნებოდა წარმოდგენილი და სწორედ წლევანდელი ფრანგული ასპარეზია ასეთი. დიახ, ჯოკოვიჩი, ნადალი და ფედერერი ერთ მხარეს არიან და ფინალს მათგან მხოლოდ ერთი ითამაშებს, ისიც საკითხავია, თუმცა დიდი შანსით ასე იქნება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფინალურ წყვილში დიდი ტრიოდან არცერთი არ იყოს. სატურნირო ბადის იმ ნაწილს, სადაც ჯოკოვიჩი, ნადალი და ფედერერი არიან წარმოდგენილნი თამამად შეიძლება რომ "ბნელი" მხარე ეწოდოს, რადგან დიდი ტრიო ჯერ კიდევ იმ კონდიციაშია, რომ სხვა ჩოგბურთელებს ფაქტობრივად უშანსოდ ტოვებს ფინალისკენ მიმავალ გზაზე. რაც შეეხება სატურნირო ცხრილის "ნათელ" მხარეს, ეს უკვე ბადის მეორე ნაწილია, სადაც ახალი თაობის სუპერვარსკვლავების უდიდესი ნაწილია თავმოყრილი. ცხრილის ამ ნაწილში, ამ ეტაპისათვის დარჩენილები არიან ისეთი ჩოგბურთელები, როგორებიც არიან - დანილ მედვედევი, ალექსანდრ ზვერევი და სტეფანოს ციციპასი, რაც შეეხება დომინიკ ტიმს, რომელიც ასევე ამ მხარეს იყო, ავსტრიელმა ტურნირის პირველი რაუნდში წააგო. ახლა მიმოვიხილოთ ბადის "ნათელ" მხარეს მყოფი ზემოთხსენებული 3 ჩოგბურთელის გზა.
დანილ მედვედევი
პირველ რიგში რაც უნდა ითქვას არის ის, რომ თიხის საფარზე მსოფლიო რეიტინგის მე-2 ნომერი არათუ არასახარბიელოდ, არამედ პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელ სეზონში ცუდად თამაშობს. ამას მოწმობს ისიც, რომ 2021 წელს ჯამში თიხაზე ჩატარებული 8 შეხვედრიდან 4 რუსის მარცხით დასრულდა. საფრანგეთის ღია პირველობის მეორე რაუნდში კი ტომ პოლის წინააღმდეგ არც თუ ისე დამაჯერებელი თამაშის ხარჯზე იმარჯვა. მისი მომდევნო მეტოქე რეილი ოპელკაა, მასთან გამარჯვების შემთხვევაში დანილის სავარაუდო ოპონენტი კრისტიან გარინი იქნება, შემდეგ ციციპასი, შემდეგ კი ალექსანდრ ზვერევზე გადის, გამარჯვების შემთხვევაში კი ფინალს ითამაშებს.
სტეფანოს ციციპასი
თავის მხრივ უხეში ტონი არ იქნება სტეფანოს ციციპასის თიხაზე დომინირებას თუ გავუსვამთ ხაზს. "ბერძენი ჩოგბურთელი დაფრინავს" - ასეთი სათაურით მსოფლიო სპორტულ მედიაში არაერთი სტატია დაიწერა, რომელიც სტეფანოსმა სწორედ გრუნტზე ბრწყინვალე თამაშის შედეგად დაიმსახურა. 2021 წლის თიხის სეზონზე, ციციპასის ბალანსზე მონტე-კარლოსა და ლიონის ტურნირებია. ბერძენმა ბარსელონას ტურნირის ფინალშიც ითამაშა, ერთადერთი წლევანდელი თიხის ტურნირი, რომელშიც ციციპასმა ფინალი ვერ ითამაშა რომის მასტერსი იყო, სადაც წარმატებული ორი რაუნდის შემდეგ მიუხედავად არაერთი საგრძნობი უპირატესობისა, ჯოკოვიჩის წინააღმდეგ დამარცხდა. ციციპასის მომდევნო მეტოქე ჯონ ისნერია, შემდეგ პაბლო კარენო ბუსტა, გამარჯვების შემთხვევაში კი ჯერ მედვედევის, შემდეგ კი ზვერევის დამარცხება მოუწევს, რომ ფინალში იასპარეზოს. ამრიგად, ახალგაზრდა ბერძენს მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო ბადის "ნათელ" მხარესაა, ტიტულამდე მისასვლელად მაინც ურთულესი გზა აქვს.
ალექსანდრ ზვერევი
რაც შეეხება ალექსანდრ ზვერევს, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით "აბულინგებენ" თითქოს დიდი სლემის ტურნირებზე ერთგვარად "დაწყევლილის" სტატუსს ატარებს, წლევანდელ როლან გაროსზე წარმოშობით რუს, გერმანელ ჩოგბურთელს სხვებთან შედარებით კარგი ბადე აქვს. როგორცზემოთ აღვნიშნეთ ფინალამდე მისასვლელ გზამდე მას წინ დიდი ტრიოს ვერცერთი წევრი ვერ გადაეღობება, შესაბამისად თუ რამის დამტკიცება სურს, სწორედ ახლაა ამის დრო. მითუმეტეს, რომ ნახევარფინალამდე მისი გზები არათუ დიდი ტრიოს, არამედ არც დანილ მედვედევის და არც სტეფანოს ციციპასის გზასთან არ იკვეთება. ლასლო ჯერეს შემდეგ, ზვერევს სავარაუდოდ ნიშიკორის დამარცხება მოუწევს, შემდეგ კი კასპერ რუდი გაუწევს ოპონირებას, რომელიც გრუნტზე განსაკუთრებით კარგად გამოიყურება და ანგარიშგასაწევი ძალაა. თუ ზვერევი ჩამოთვლილ ჩოგბურთელებს დაამარცხებს, დიდი შანსით ერთმანეთის წინააღმდეგ ნათამაშები და "ძალაგამოცლილი" ციციპასისა და მედვედევის წყვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება, რათა ფინალში გასვლა შეძლოს.
მაგრამ...
ახალი თაობის ჩოგბურთელებს, რომლებიც ჩვენი სტატიის მიხედვით ტურნირის ნათელ მხარეს იმყოფებიან, ერთი დიდი პრობლემა ექმნებათ, ეს არის ფინალი, სადაც ყველაზე კარგ ვარიანტში როჯერ ფედერერი დახვდებათ, საშუალო/ცუდ ვარიანტში ნოვაკ ჯოკოვიჩი და ყველაზე ცუდ ვარიანტში კი ფინალისტს, გრუნტის მეფე, ნამდვილი მონსტრი, რაფაელ ნადალი გაუწევს ოპონირებას, ან პირიქით - "სხვები ეცდებიან, გაუწიონ ოპონირება რაფაელ ნადალს", რომელიც თავის მხრივ როლან გაროსის მე-14-ედ მოგებას შეეცდება...