Belive

რაფაელ ნადალმა მადრიდის ტურნირზე უკანასკნელად ითამაშა

7 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

დიდი სლემის ოცდაორგზის ჩემპიონი, რაფაელ ნადალი, მადრიდის ღია პირველობის მეოთხე რაუნდში, ჩეხ ირჟი ლეჰეჩკასთან 2 სეტში დამარცხდა (7-5 | 6-4), რაც იმას ნიშნავს, რომ ტურნირზე, რომელიც ესპანელ ლეგენდას 5-ჯერ აქვს მოგებული, მონაწილეობა ბოლოჯერ მიიღო. რაფა მატჩის შემდეგ გულშემატკივრებს გამოუტყდა, რომ მადრიდს ამ თამაშით დაემშვიდობა.

ლეჰეჩკამ ნადალი საკმაოდ მარტივად, 2 საათში დაამარცხა და ხელი შეუშალა მისი რიგით მე-100 მასტერსის მეოთხედფინალში გასულიყო. ჩეხ ჩოგბურთელს მეოთხედფინალში დანილ მედვვედევთან მოუწევს კორტის გაყოფა. შეხვედრის შემდეგ ნადალმა თქვა, რომ 2024 წლის სეზონის შემდეგ პენსიაზე გასვლა მოუწევს.

ბედნიერი ვარ. ეს იყო ძალიან განსაკუთრებული კვირა ჩემთვის, ყოველმხრივ პოზიტიური. მე შევძელი ისევ მეთამაშა კორტზე, რომელმაც ბევრი რამ მომცა ემოციურ დონეზე,

ეს დაუვიწყარი იყო და მხოლოდ მადლობა შემიძლია ვთქვა. მთელი ეს ჩემი მოგზაურობა წარმოუდგენელი ზღაპარია. ძალიან რთულია, მაგრამ ჩემი სხეული დიდი ხანია დასრულების სიგნალებს მიგზავნის - განაცხადა რაფაელ ნადალმა

2024 წლის დასაწყისში ნადალი იმედოვნებდა, რომ სხეული და სათამაშო კონდიცია მისცემდა საშუალებას ყველა ძირითად ტურნირზე ეთამაშა, თუმცა მოლოდინი არ გამართლა და ესპანელისთვის, იანვრიდან მოყოლებეული, ეს მხოლოდ მეორე შეჯიბრი იყო, რომელზე გამოსვლაც შეძლო.

სხვა სტატიები