Belive

რაფაელ ნადალი ლეივერის თასზე ევროპის გუნდს წარადგენს

8 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ესპანელი ჩოგბურთელი ლეგენდარული რაფაელ ნადალი 2024 წელს ბერლინში გასამართ ლეივერის თასზე (Laver Cup) ევროპის გუნდს წარადგენს. ტურნირი 20-22 სექტემბერს გაიმართება.

ევროპის გუნდში ჯერ ჯერობით ცნობილია რამდენიმე ჩოგბურთელის ვინაობა, ესენი არიან: მსოფლიოს მე-3 ნომერი კარლოს ალკარასი, მე-4 ნომერი დანიილ მედვედევი, მე-5 ალექსანდრ ზვერევი და მათი კაპიტანი იქნება რა თქმა უნდა ბიორნ ბორგი.

რაფაელ ნადალისთვის 2024 წელი მის პროფესიონალურ კარიერაში შესაძლოა ბოლო იყოს და დიდი შანსია სწორედ ამ ტურნირით დამთავრდეს ესპანელი ჩოგბურთელის კარიერა.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბერლინში ლეივერის თასზე, ევროპის გუნდში ვითამაშებ. მე მაქვს რამდენიმე მართლაც განსაკუთრებული მოგონება ლეივერის თასის გამოცდილებიდან, მათ შორის ყველა ემოცია ლონდონს უკავშირდება, როდესაც ორი წლის წინ როჯერთან ერთად უკანასკნელად ვითამაშე.

ჩემი კარიერის ამ ეტაპზე ძალიან მინდა იქ წავიდე და მაქსიმალურად გამოვიყენო ყველა შესაძლებლობა, რაც მომეცემა. ეს ტურნირი ყოველთვის წარმოუდგენელი გამოცდილებაა და მე ყოველთვის მსიამოვნებდა, რადგან განსხვავებული და საინტერესოა. მოუთმენლად ველოდები ბერლინში წასვლას, რომ დავეხმარო ევროპის გუნდს ლეივერის თასის დაბრუნებაში. - რაფაელ ნადალი
რაფა არის აბსოლუტური ლეგენდა ჩვენს სპორტში, ნამდვილი ჩემპიონი სიტყვის მთელი გაგებით, ეს ჩემი ბოლო წელია, როგორც კაპიტანი. ევროპის გუნდში მისი ყოფნა ამ წელს ჩემი მიზანი იყო და აღფრთოვანებული ვარ, რომ მან მიიღო ჩემი მოწვევა და ბერლინში ჩვენთან ერთად იქნება.

მას უყვარს ლეივერის თასზე თამაში და არის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, რომელიც სპორტს ოდესმე უნახავს. მიზანი ლეივერის თასის დაბრუნებაა და რაფა კარლოსთან, დანიილთან და საშასთან ერთად ამას შეეცდება. - ბიორნ ბორგი

მსოფლიოს გუნდის კაპიტანმა ჯონ მაკინროიმ ამ თვის დასაწყისში გამოაცხადა თავის სიაში პირველი სამი მოთამაშე - ავსტრალიელი ალექს დე მინორი და ამერიკელები ტეილორ ფრიცი და ტომი პოლი.

ეს იქნება ბოლო წელი, როდესაც ბორგი და მაკინროი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, როგორც ლეივერის თასის გუნდის კაპიტნები, ისინი გუნდების კაპიტნები გახსნის დღიდან არიან (2017 წლიდან).

შეგახსენებთ, რეიტინგის სამი საუკეთესო მოთამაშე თითოეულ გუნდში მიიღებს გარანტირებულ მოწვევას როლან გაროსის შემდეგ (2024 წლის 10 ივნისი). დარჩენილი სამი იქნება კაპიტნების არჩევანი და დაასახელებენ აშშ-ის ღია პირველობის დაწყებამდე ნებისმიერ დროს.

სხვა სტატიები