ნოვაკ ჯოკოვიჩი: შეხვედრის დაწყებამდე ნადალი ნერვებს მიშლიდა
ნოვაკ ჯოკოვიჩმა გულწრფელად აღიარა, რომ კარიერის დასაწყისში, მისმა მთავარმა კონკურენტმა, რაფაელ ნადალმა შეაშინა. ჯოკოვიჩმა და ნადალმა სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პაექრობა შექმნეს, ურთიერთშეხვედრებში სერბს მცირე უპირატესობა აქვს - 30:29. ჯოკოვიჩის თქმით, "როლან გაროსის" გასახდელში ნადალთან ერთად ყოფნა დაძაბულობას იწვევდა:
ნადალთან "როლან გაროსზე უნდა მეთამაშა და კორტზე გამოსასვლელად ვემზადებოდით, ვცდილობდით ერთმანეთისთვის სივრცე დაგვეთმო, მაგრამ გასახდელი არც ისე დიდია. ის ხტუნავდა და წინ და უკან დარბოდა. მის ყურსასმენებში მუსიკის ხმა მესმოდა და ვღიზიანდებოდი. მივხვდი, რომ ჩვენ შორის ბრძოლა ბურთის პირველ გათამაშებამდე დაიწყო. კარიერის დასაწყისში გამოუცდელი ვიყავი და ასეთმა სცენარმა შემაშინა, მაგრამ მომცა მოტივაციაც, რომ ნებისმიერი რამისთვის ვყოფილიყავი მზად - ნოვაკ ჯოკოვიჩი
სერბმა ჩოგბურთელმა ახალგაზრდა ტალანტ ალკარასზეც ისაუბრა და ავსტრალიიდან გამოძევებაზეც, მისი თქმით, მაშინ როდესაც ვაქცინა არ ჩაიტარა, უსამართლოდ მოექცნენ და დიდი მხარდაჭერა არ უგრძვნია. "მე უკვე შემხვედრია მსგავსი რამ კორტზე, როცა არავინ მგულშემატკივრობდა, თუმცა ამ მასშტაბის არა" - განაცხადა ჯოკოვიჩმა.
ალკარასთან წაგებაზე:
ახალგაზრდა ბიჭებს უდიდესი ენერგია აქვთ, ისინი შთაგონებულები არიან, რომ საუკეთესო ჩოგბურთი,ჩემ წინააღმდეგ ითამაშონ, ეს ჩემთვისაც მოტივაციაა და "მხეცს" მიღვიძებს. ალკარასთან უიმბლდონის ფინალში წაგებამ იმდენად გამაბრაზა, რომ ამერიკაში ყველაფრის მოგება მინდოდა და გავაკეთე კიდეც, წაგება მშვენიერი შანსია საკუთარი თავი ახლიდან გამოიგონო და იმაზე მეტად იმუშავო, ვიდრე ოდესმე. - ნოვაკ ჯოკოვიჩი
ნოვაკ ჯოკოვიჩს 8-ჯერ აქვს სასეზონო წელი ისე დამთავრებული, რომ რეიტინგის პირველი ჩოგანი იყო, რაც რეკორდია. სერბი ჩოგბურთელი, კარიერის განმავლობაში, ყველაზე მეტი კვირის განმავლობაში ატარებს საუკეთესო ჩოგბურთელის სტატუსს (403) კვირა. მომავალ დიდ ტურნირზე, ავსტრალიაში, ნოვაკისა და ნადალის გზები ისევ გადაიკვეთება, რადგან ესპანელი ჩოგბურთელი 1-წლიანი პაუზის შემდეგ, კორტს უბრუნდება.