ნიკოლოზ ბასილაშვილი მურსიის ჩელენჯერის ფინალში დამარცხდა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესპანეთში, ქალაქ მურსიის გრუნტის საფარზე, ჩელენჯერის ფინალი წააგო. ქართველი ჩოგბურთელისთვის ეს კარიერაში მეხუთე წაგებული ფინალია. მეექვსე ტიტულის მოპოვებასთან კი ძალიან ახლოს იყო - 2018 წელს მან პეკინისა და ჰამბურგის ტურნირები მოიგო, 2019-ში ჰამბურგში მოპოვებული ტიტული დაიცვა, 2021 წელს კი ჩემპიონობა დოჰასა და მიუნხენში იზეიმა.
მურსიაში ბასილაშვილის ფინალური მეტოქე პორტუგალიელი, რეიტინგის 248-ე ნომერი, 19 წლის ენრიკე როშა იყო, რომელმაც ქართველი 3 სეტში (6:3 | 6:7 | 5:7) დაამარცხა. პირველ სეტში ნიკოლოზმა ბრეიკი ყველაზე საკვანძო მომენტში გააკეთა, ანგარიში 5:3 გახდა და საკუთარი ჩაწოდების მოგებით სეტიც დახურა. მეორე სეტში ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს და 4:4-დე ასე მივიდნენ, თუმცა ბასილაშვილმა, აქაც გადამწყვეტ მომენტში, მეორედ მოიგო მეტოქის ჩაწოდება და საკუთარი ჩაწოდების ხარჯზე თამაშის მოგებაც შეეძლო, თუმცა როშასგან უკუბრეიკი მიიღო და ტაიბრეიკი გახდა საჭირო, სადაც როშამ უშანსოდ (7:0) სძლია ნიკოლოზს. მესამე დაძაბულ სეტშიც პირველი ბრეიკი ბასილაშვილმა შეასრულა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ახალგაზრდა პორტუგალიელის დასამარცხებლად.
ნიკოლოზმა ტურნირი ATP რეიტინგის 1086-ე ადგილზე დაიწყო, ახლა კი 506 საფეხურით წინ წაიწია და 580-ე ადგილზე იმყოფება.