ნათელა ძალამიძე: "მრცხვენოდა რუსული პასპორტის გამო"
- უიმბლდონმა რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები შეჯიბრზე არ დაუშვა
- უიმბლდონი 2022 | ქართველი ჩოგბურთელების მეტოქეები ცნობილია
"მოქალაქეობის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ მსურს საკუთარ კარიერაზე მოვახდინო კონცენტრაცია. ვიმედოვნებ, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღების შანსი მომეცემა", - აღნიშნავს ძალამიძე.პეტერბურგში დაბადებულმა ჩოგბურთელმა მოქალაქეობის შეცვლის გადაწყვეტილება, რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ მიიღო. უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში, ძალამიძეს რუსულთან ერთად ქართული პასპორტიც ჰქონდა და როგორც თავად აღნიშნავს, წესების სრული დაცვით იმოქმედა. WTA-მ ძალამიძის განაცხადი, უიმბლდონის ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად, სარეგისტრაციო განაცხადის გაკეთების ვადის ამოწურვამდე 1 კვირით ადრე დააკმაყოფილა.
ჩოგბურთში არსებული ქაოტური სიტუაცია რუსი და ბელორუსი სპორტსმენები პრაქტიკულად ყველა სპორტული ღონისძიებიდან მოკვეთეს. ATP-სა და WTA-ს წარმომადგენლები, ჩოგბურთელებს საკუთარი ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლებად ნაკლებად განიხილავენ და ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, პასუხისმგებლობას მინიმალურად აკისრებენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭირო იყო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა ეროვნებით რუს და ბელორუს ჩოგბურთელებს, სხვადასხვა ტურნირში მონაწილეობის მიღების უფლება მიეღოთ. შესაბამისად, ATP და WTA შეთანხმდნენ, რომ სპორტსმენებს უფლება მისცენ, მათ მიერ ორგანიზებულ ტურნირებზე ნეიტრალური დროშის ქვეშ იასპარეზონ. დიდი სლემის ტურნირებზე რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა. დიდი სლემის 4 ტურნირი ATP-სა და WTA-ს მსოფლიო ტურის დაქვემდებარებაში არ შედის. შესაბამისად, უიმბლდონის ორგანიზატორებმა ბრიტანეთის ხელისუფლებასთან კოორდინირებულად იმუშავეს, რის შემდეგაც რუს და ბელორუს სპორტსმენებს ტურნირში მონაწილეობის მიღება აუკრძალეს. უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების შედეგად, საჩოგბურთო სამყარო ესკალაციის ზღვარზეა. სცენის მიღმა ვითარება დაძაბულია და შესაბამისად ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა მოქალაქეობის შეცვლა - საყოველთაო ყურადღების ცენტრში ექცევა.
"არავინ მომიტყუებია"
"უიმბლდონის წარმომადგენლები და ჩემი კოლეგები არ მომიტყუებია - წესების დაცვით ვიმოქმედე. ორგანიზატორების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თითოეულ მონაწილეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გამოგვეგზავნა. ერთ-ერთ მონაკვეთში აღნიშნული იყო, რომ სპორტსმენს, რომელსაც მოქალაქეობის შეცვლა სურდა, განაცხადი 3 ივნისამდე უნდა დაერეგისტრირებინა". "რა თქმა უნდა, როდესაც მარტში ამ ნაბიჯის გადადგმა გადავწყვიტე ვიდოცი, რომ საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოვექცეოდი და აჟიოტაჟი ატყდებოდა. პროცესი საფრანგეთის ღია პირველობამდე დავიწყე, რადგან მინდოდა უიმბლდონისათვის მოსამზადებელ ტურნირებზე საქართველოს სახელით გამოვსულიყავი. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ყველაფერს დროულად ვერ მივხედე. ვიცოდი, რომ თუ პირველად უიმბლდონზე გამოვიდოდი, ბევრი არასწორად გამიგებდა და ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვებოდა". "ძალიან მტკივნეულია იმ ყველაფრის ყურება, რაც უკრაინაში ხდება. სიტყვები არ მყოფნის - ჩემთვის წარმოუდგენელია იმ საშინელების გააზრება, რომ საცხოვრებელი სახლიდან 100 მეტრში, რაკეტები დაფრინავს და ბომბები ცვივა". "უკრაინელი ხალხის დამოკიდებულება არ მიკვირს. თავდაპირველად, უამრავი აგრესიული შეტყობინება მივიღე და ვცდილობდი, რომ დისკუსიაში არ შევსულიყავი. სამწუხაროდ, ჩვენ სპორტსმენები ვართ და პოლიტიკოსების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში ჩარევა და მათი შეცვლა არ შეგვიძლია". "უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ძალიან მაწუხებს. გულდასაწყვეტია ამ საშინელების ყურება მაგრამ, უსამართლოა, როდესაც პასუხისმგებლობას სპორტსმენებს აკისრებენ. თავიდან მრცხვენოდა, რომ რუსული პასპორტი მქონდა. შემდეგ საკუთარ თავს კითხვა დავუსვი: მე კარგი ადამიანი ვარ და რატომ მაქვს ასეთი შეგრძნება? მრავალი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად ვშრომობდი, რომ ჩემი მიზნებისათვის მიმეღწია. შესაბამისად ვიღაცის მიერ მიღებული კატასტროფული გადაწყვეტილების გამო, ჩემი ცხოვრება და კარიერა არ უნდა დაინგრეს".
სიძულვილი საქართველოდან მოქალაქეობის შეცვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ატეხილი აჟიოტაჟისა და გაჩენილი ნეგატიური შეტყობინებების უმრავლესობა საქართველოდან მოდის.
"უმრავლესობამ იფიქრა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სიტუაციიდან გამომდინარე მივიღე. მათ ჩათვალეს, რომ მომენტით ვისარგებლე, რათა უიმბლდონზე ვიასპარეზო და შემდეგ კვლავ რუსეთის მოქალაქეობას დავუბრუნდე - ეს ასე არაა! ნახევრად რუსი ვარ და ნახევრად ქართველი. ჩემი პირველი სახელი რუსულია, მაგრამ, გვარი ქართული მაქვს. რუსეთში, როდესაც ჩემს სახელს იგებენ, ყველა აცნობიერებს, რომ სრულყოფილი რუსი არ ვარ - რადგან ჭეშმარიტად ქართული სახელი მაქვს".შეგახსენებთ, დიდი სლემის ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე ასპარეზობას, ნათელა ძალამიძე და ალეკსანდრა კრუნიჩი 30 ივნისს დაიწყებენ. უიმბლდონის პირველ წრეში, ქართულ-სერბული წყვილი – გერმანულ-ამერიკულ წყვილს დაუპირისპირდება.