ისტორიული დრამა AO OPEN-ზე | რა თქვეს ალკარასმა და ზვერევმა მატჩის შემდეგ
ავსტრალიის ღია პირველობის 1/2-ფინალში საოცარი და ისტორიული მატჩი შედგა. კარლოს ალკარასმა 5-სეტიან დრამაში მსოფლიოს მესამე ჩოგანი - ალექსანდრ ზვერევი დაამარცხა (6:4; 7:6; 6:7; 6:7; 7:5).
კარლოს ალკარასი ავსტრალიის ღია პირველობაზე პირველად ითამაშებს ფინალში - ეს მატჩი ასევე ისტორიული გამოდგა იმ კუთხითაც, რომ ეს მატჩი ამ შეჯიბრის ისტორიაში 1/2-ფინალურ დაპირისპირებაში ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა. მოთამაშეებმა კორტზე თითქმის ხუთსაათნახევარი ითამაშეს (5 საათი და 6 წუთი).
ალექსანდრ ზვერევმა ტრავმიან და კრუნჩხვებიან კარლოს ალკარასთან ნავსი კვლავ ვერ გატეხა და დიდი სლემის მეოთხე კარიერულ ფინალამდე სულ ცოტა დააკლდა.
მატჩის შემდეგ საკმაოდ საინტერესო პრესკონფერენცია ჰქონდა ორივე ჩოგბურთელს - გთავაზობთ მათ კომენტარებს.
"საოცარი მატჩი გავმართეთ მე და კარლოსმა, ჩემთვის სამწუხარო დასასრული იყო, მაგრამ სიმართლე გითხრათ, აბსოლუტურად არაფერი დამრჩენოდა და მთელი სიცოცხლე ჩავდე ბოლო წამამდე...
მესამე სეტის 5-4-ზეც კი უკვე განადგურებული ვიყავი. შემიძლია ცოტა მეტად დავეყრდნო ჩემს ჩაწოდებებს, მაგრამ ფეხები აღარ მემორჩილებოდა, ასე რომ, კი. ეს ცხოვრებაა და შენ წინ მიიწევ.
რაც შეეხება მატჩის ინციდენტს, მას კრუნჩხვები აწუხებდა და კრუნჩხვების გამო სამედიცინო ტაიმ-აუტის აღება არ შეიძლება. რა ვქნა? ეს არ მომეწონა, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ამიტომაც გავაპროტესტე და უბრალოდ ვთქვი, რომ ეს სისულელე იყო.
სიმართლე გითხრათ, ახლა ამაზე საუბარი არ მინდა, რადგან ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლა, რაც კი ოდესმე გამართულა ავსტრალიაში..." - ალექსანდრ ზვერევი
მსოფლიოს პირველ ჩოგანს, 22 წლის კარლოს ალკარასს პრესკონფერენციაზეც შეეტყო, რომ სრულიად ენერგიაგამოცლილი და გადაღლილი იყო.
"ამ მატჩის მოგება რწმენით, სრულიად რწმენით მოვახერხე. ყოველთვის ვამბობ, რომ საკუთარი თავის უნდა გჯეროდეს, რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა გიჭირდეს, არ აქვს მნიშვნელობა, შენ მაინც უნდა გწამდეს საკუთარი თავის ყოველთვის...
თამაში განსაკუთრებით მესამე სეტის შუაში გამიჭირდა, ეს იყო ყველაზე დამღლელი მატჩი, რაც აქამდე ჩემს მოკლე კარიერის განმავლობაში მითამაშია.
ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში, მქონია ასეთი მატჩები კარიერაში, შესაბამისად ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა.
მთელი გული უნდა ჩადო თითოეულ ასეთ მატჩში და ვფიქრობ ეს იდეალურად შევძელი.
ვიცოდი რომ ჩემი შანსები მექნებოდა, თუმცა მეხუთე სეტში უბრალოდ ადამიანურად ცუდად ვიყავი და არ შემეძლო ჩემი საუკეთესო თამაშის ჩვენება.
ვამაყობ საკუთარი თავით და იმით, რომ ბოლომდე ვიბრძოლე..." - კარლოს ალკარასი
როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, 22 წლის 'მატადორი' - კარლოს ალკარასი მეშვიდე კარიერული სლემის მოგების მოლოდინშია და იგი ფინალში მეტოქეს ელოდება, რომელიც იანიკ სინერისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის დაპირისპირებაში გაირკვევა.
ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი 1 თებერვალს გამთენიისას შედგება.