ალკარასიდან შელტონამდე | ხუან კარლოს ფერერო 24 წლის ამერიკელს გაწვრთნის
ჩოგბურთის სამყაროში ერთ-ერთი დიდი მოულოდნელობა დაფიქსირდა - კარლოს ალკარასის ყოფილი მწვრთნელი - ხუან კარლოს ფერერო, ბენ შელტონის სამწვრთნელო შტაბში გადავიდა. სანამ ეს ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდებოდა, მედიაში ვარაუდობდნენ, რომ ესპანელი სპეციალისტი შესაძლოა რაფაელ ხოდარის, ფელიქს ოჟე-ალიასიმის ან თუნდაც იანიკ სინერის მხარდამხარ გამოჩენილიყო, თუმცა ფერერომ მსოფლიო მე-4 ჩოგანისა და 2026 წლის აშშ-ის ღია პირველობის ფინალისტის, ამერიკელი ბენ შელტონის არჩევა გადაწყვიტა.
ეს თანამშრომლობა 2027 წელს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იქნება, რადგან ჩოგბურთის ექსპერტები ახალგაზრდა ამერიკელის თამაშში სერიოზულ ძვრებს ელოდებიან.
A major addition to Team Shelton 🔥
— Tennis Channel (@TennisChannel) November 1, 2026
Former World No. 1 Juan Carlos Ferrero is set to join Ben's team in 2027, working alongside his father and longtime coach, Bryan Shelton. pic.twitter.com/eq9USqL2FA
ლეგენდარული მწვრთნელის - რიკ მაკის შეფასებით, შელტონთან მუშაობა სრულიად განსხვავებული გამოწვევა იქნება იმასთან შედარებით, რასაც ფერერო ალკარასთან აკეთებდა.
"ალკარასის მსგავსი გენერაციული ნიჭის განვითარება სრულიად სხვა რამეა, ვიდრე ის გამოწვევა, რომელიც ახლა ფერეროს შელტონთან ელის. „დიდი ბენი“ წლიდან წლამდე პროგრესირებს და ის და მამამისი (რომელიც მის მთავარ მწვრთნელად რჩება) საუკეთესო მამა-შვილის დუეტს ქმნან, რაც კი ბოლო დროს მინახავს.
თუ ფერერო შეძლებს ამერიკელის დიდ სლემებამდე და მსოფლიო პირველობამდე მიყვანას, ეს შესაძლოა კიდევ უფრო დიდი მიღწევა იყოს, ვიდრე მისი წარმატება ესპანელ მაგიურ ჩოგბურთელთან,“ - აღნიშნა რიკ მაკმა
ახალი გაერთიანების ერთ-ერთ მთავარ ტაქტიკურ ამოცანად შელტონის მარცხენა ხელის დარტყმის (ბექჰენდის) დახვეწა სახელდება. რიკ მაკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბენმა მილიონჯერ გაიმეორა ეს მოძრაობა და ტექნიკა გარკვეულწილად მუშაობს, მიწასთან მყარი კონტაქტის ნაკლებობა მას სერიოზულ პრობლემას უქმნის, განსაკუთრებით ბურთის დაბრუნებისას და გრძელ გათამაშებებში.
ფერეროს მთავარი ამოცანა ზუსტად ამ ფარული სუსტი წერტილის აღმოფხვრა იქნება, რათა შელტონმა ისეთი მატჩები, რომლებიც ადვილად უნდა მოიგოს, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე დაასრულოს და მსოფლიო ჩოგბურთის აბსოლუტურ ელიტაში სამუდამოდ დამკვიდრდეს.
აქვე შეგახსენებთ, რომ 10 თვის წინ, კარლოს ალკარასისა და ხუან კარლოს ფერეროს გზები გაიყო და 7-წლიანი დიდი ისტორიის შემდეგ ერთმანეთს ოფიციალურად დაემშვიდობნენ.