5-წლიანი თანამშრომლობის დასასრული | სინერმა მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
იანიკ სინერმა ხუთწლიანი თანამშრომლობის შემდეგ მწვრთნელ - დერენ კეჰილთან თანამშრომლობა დაასრულა. ამის შესახებ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.
Thank you, Darren. 🧡 pic.twitter.com/xfHHTTqPt1
— Jannik Sinner (@janniksin) November 6, 2026
მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ავსტრალიელის შეცვლის მთავარი კანდიდატი მსოფლიოს ყოფილი მეორე ჩოგანი, მაგნუს ნორმანია.
ნორმანს დიდი გამოცდილება და შთამბეჭდავი მიღწევები აქვს: მან თავისი თანამემამულე რობინ სოდერლინგი რეიტინგის საუკეთესო ხუთეულში გაიყვანა და როლან გაროსის ორ ფინალამდე მიიყვანა, ხოლო შვეიცარიელ სტან ვავრინკას სამი „დიდი სლემის“ ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა.
50 წლის შვედი სპეციალისტი ადგილს დაიკავებს მწვრთნელ სიმონე ვანიოცის გვერდით, რომელიც, კეჰილის მსგავსად, იტალიელ სინერთან 2022 წლიდან მუშაობს.
„იმის დიდი ნაწილი, თუ ვინ ვარ დღეს, როგორც მოთამაშე და როგორც პიროვნება, შენი დამსახურებაა.
ამ ხუთი სეზონიდან არცერთ დღეს არ დავივიწყებ. გმადლობ ყველაფრისთვის, ჩემო მეგობარო. ეს დიდი პრივილეგია იყო“ - განაცხადა სინერმა ინსტაგრამზე გავრცელებულ ვიდეოში
იტალიელი ვარსკვლავისთვის მიმდინარე სეზონის ბოლო ეტაპი ურთულესი აღმოჩნდა. ივლისში უიმბლდონზე კარიერაში მეხუთე „დიდი სლემის“ მოპოვების შემდეგ, სინერი მუხლის ტრავმამ ძალიან გააწვალა, რის გამოც წლის დარჩენილი ATP ტურნირები გამოტოვა. ამ გადაწყვეტილების ფონზე უკვე ოფიციალურად განაღდა, რომ 2026 წლის სეზონს მსოფლიოს პირველი ჩოგნის რანგში ალექსანდრ ზვერევი დაასრულებს, ხოლო სინერის კორტზე დაბრუნება დეკემბერში, საუდის არაბეთში გასამართ საჩვენებელ ტურნირზეა მოსალოდნელი.
კეჰილი, გამოცდილი მწვრთნელი, რომელსაც ოთხი სხვადასხვა ჩოგბურთელი ჰყავს მსოფლიოს პირველ ნომრობამდე მიყვანილი, სინერის გუნდის დატოვებას ჯერ კიდევ 2025 წელს გეგმავდა, თუმცა კიდევ ერთი წლით დარჩა და უიმბლდონზე განაცხადა, რომ 2026 წლის ბოლომდე გაგრძელებდა მუშაობას, რის შემდეგაც მომავალზე იმსჯელებდა.
კეჰილთან ერთად სინერმა უდიდესი გზა გაიარა, რომელსაც გვერდი ვერ აუარა 2025 წელს დაკისრებულმა სამთვიანმა დისკვალიფიკაციამაც კლოსტებოლის ინციდენტის გამო, თუმცა იტალიელმა გაუგებრობა უკან მოიტოვა და ჩოგბურთის მწვერვალი დაიპყრო. ახლა კი, ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობითა და აღდგენილი ძალებით, სინერი მომავალი სეზონიდან ტიტულების დაბრუნებას და ახალი ეპოქის დაწყებას გეგმავს.