20 წლის ლუკა ნარდიმ ჯოკოვიჩი ინდიან უელსიდან გააგდო
20 წლის იტალიელმა ჩოგბურთელმა, ლუკა ნარდიმ ინდიან უელსზე სენსაცია მოახდინა, ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა(6:4 | 3:6 | 6:3). ნარდიმ, რომელიც რეიტინგის 123-ე ნომერია, კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა, ის გახდა რეიტინგის ყველაზე დაბალ საფეხურზე მყოფი ჩოგბურთელი, რომელმაც ჯოკოვიჩის დამარცხება ATP Masters 1000-ის ან დიდი სლემის დონეზე მოახერხა.
ვფიქრობ, რომ ამ საღამომდე არავინ მიცნობდა, იმედი მაქვს, რომ გულშემატკივარს მოეწონა თამაში. მე ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი გამოსვლით. არ ვიცი, როგორ მოვთოკე ნერვები. ვფიქრობ, რომ ეს სასწაულია, რადგან მე ვარ 20 წლის ბიჭი, 100-ეულს გარეთ და ნოვაკის დამარცხება ნამდვილი სიგიჟეა - თქვა ნარდიმ ჯოკოვიჩთან გამარჯვების შემდეგ
იტალიელმა, რომელმაც ტოპ 50-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა, მეორე წრეში ჟანგ ჟიჟენი ჩამოიცილა გზიდან და თავისი საუკეთესო უნარები, ნომერ პირველ ჩოგანთან, პირველ და მესამე სეტში გამოავლინა.
ცნობისთვის, ნარდი თითქმის სახლისკენ მიდიოდა, რადგან საკვალიფიკაციო ეტაპიდან მისი ინდიან უელსზე მოხვედრა დიდი საფრთხის ქვეშ იყო. ის ძირითად ბადეში ისე მოხვდა, როგორც "იღბლიანი დამარცხებული", ლუკამ ტრავმირებული მოთამაშე ჩაანაცვლა.
What dreams are made of 🤩
— ATP Tour (@atptour) March 12, 2024
Lucky loser @Luca___Nardi knocks out World No.1 Novak Djokovic 6-4 3-6 6-3, to reach the Indian Wells round of 16.
@BNPPARIBASOPEN | #TennisParadise pic.twitter.com/WRdbC3KCvn