ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დიდების დარბაზის წევრი - დენის როდმანი, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს ეხმაურება და აღნიშნავს: "ჩვენ არ ვართ ცხოველები."
25 მაისს, მინეაპოლისში პოლიციელებმა დაკავებისას 46 წლის შავკანიანი მამაკაცი, ჯორჯ ფლოიდი მოკლეს. მომხდარის შემდეგ, სრულიად აშშ-ს ტერიტორიაზე საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რომელიც მალევე გადაიზარდა მასშტაბურ არეულობაში. მომიტინგეებმა დაარბიეს და გადაწვეს პოლიციის განყოფილებები, კერძო მაღაზიები და ქუჩაში მდგარი ავტომობილები.
ვანდალიზმის, მაღაზიებისა და კერძო საკუთრებების დარბევასა და განადგურებას NBA-ს ვარსკვლავი, დენის როდმანი გამოეხმაურა. როდმანმა დაგმო მომიტინგეების ქმედებები და მათ სხვისი საკუთრების განადგურების შეწყვეტისა და ვანდალიზმის აღკვეთისკენ მოუწოდა.
"ვფიქრობ ვინმე უნდა გამოვიდეს და მათ უთხრას: რატომ ჩავდივართ ვანდალიზმის ფაქტებს? რატომ ვიპარავთ და რატომ ვქმნით გაცილებით უფრო მეტ პრობლემას.
ეს ძალიან ცუდია - მძიმე მდგომარეობაა. პროტესტს არავინ გვიკრძალავს მაგრამ ვალდებულნი ვართ ღირსეულად გავაპროტესტოთ. არაა აუცილებელი დაწვა შენობები და ავტომობილები, არაა აუცილებელი ქურდობა ჩაიდინო, არაა აუცილებელი გამოავლინო ვანდალიზმი.
ძალიან მძიმე ვითარებაა მაგრამ ყველას ერთად, ერთად დგომით შეგვიძლია პრობლემის მოგვარება. ძალიან გთხოვთ, გაიგეთ რომ ჩვენ კვლავ ერთად უნდა ვიცხოვროთ. ჩვენ ვართ ადამიანები და არა ცხოველები. ჩვენ ვართ ადამიანები!" - აღნიშნა დენის როდმანმა.