Belive

კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი – დღე VI (ვიდეო)

9 წთ
ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე პირველი ჯგუფური ეტაპი ძალიან საინტერესოდ დასრულდა. დაფიქსირდა დიდი სენსაცია, თურქეთმა ჩეხეთთან წააგო და ტურნირი ნაადრევად დატოვა, გაჭირვებით გაიმარჯვა საბერძნეთმა ახალი ზელანდიის წინაააღმდეგ, ხოლო ავსტრალიისა და ლიეტუვის შეხვედრა ძალიან საინტერესო გამოდგა.  

E ჯგუფი

მიმდინარე ჩემპიონატის მთავარი სენსაცია დაფიქსირდა თურქეთისა და ჩეხეთის მატჩში. თურქებმა რომლებმაც ორიოდ დღის წინ კინაღამ აშშ დაამარცხეს ჩემპიონატის დებიუტანტს ვერაფერი მოუხერხეს და მნიშვნელოვან მატჩში მარცხი იწვნიეს. განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ჩეხების მიერ ჩატარებული ბოლო მეოთხედი, რომელიც რონენ გინსბურგის შეგირდებმა 25:16 მოიგეს. ჩეხების უპირატესობა განსაკუთრებულად მოხსნებში გამოიკვეთა, ონდრეი ბალვინისა და პატრიკ აუდას მეთაურობით მათ თურქები 41:26 დაჩაგრეს, საბოლოოდ 91:76 და ჩეხები მომდევნო ეტაპზე არიან სადაც, ბრაზილიასა და საბერძნეთს დაუპირისპირდებიან, ხოლო თურქეთი 17-32 ადგილებისათვის ბრძოლაში გადაერთვება ახალი ზელანდიისა და მონტენეგროს საკმაოდ ძლიერ ნაკრებებთან. "ჩვენ დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორია დავწერეთ. წარმომიდგენია როგორ ვითამაშებდით იან ვესელი რომ არ გვაკლდეს, მატჩის ბოლოში გამარჯვება ჩვენ უფრო გვსურდა და სასურველ შედეგს მივაღწიეთ" - განაცხადა ონდრეი ბალვინმა. ჩეხების შემადგენლობაში საუკეთესო 18 ქულით, 4 მოხსნით და 4 ასისტით ვოიცეხ ჰრუბანი იყო. 17 ქულა, 11 მოხსნა და 2 ბლოკ-შოტი იყო ონდრეი ბალვინის ანგარიშზე. ტომაშ სატორანსკიმ 11 ქულა, 7 მოხსნა და 7 ასისტი დააგროვა, 16 ქულა და 9 მოხსნა იყო პატრიკ აუდას ანგარიშზე, ხოლო იარომირ ბოჰაჩიკმა 15 ქულას 4 მოხსნა და 4 ასისტი წაამატა. თურქებს ჩედი ოსმანმა ულიდერა, მის ანგარიშზე 24 ქულა, 3 მოხსნა და 3 ასისტი იყო, 16 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა ფურკან კორკმაზმა.  

  როგორც მოსალოდნელი იყო მარტივი გამარჯვება მოიპოვა აშშ-ს ნაკრებმა. გრეგ პოპოვიჩის დამოძღვრილებმა იაპონია არ დაინდეს და 98:45 გაანადგურეს. იაპონელები პირველ და მესამე პერიოდში 10 ქულას ვერ ასცდნენ და გადამწყვეტი მეოთხედის წინ ანგარიში 84:31 იყო. აღსანიშნავია მოხსნებში ამერიკელების სერიოზული უპირატესობა 58:33. მოქმედმა ჩემპიონებმა მეტოქის ფარზე ბურთის მოხსნა 20-ჯერ! შეძლეს, ამ და სხვა სტატისტიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე ასეთი გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა. აშშ-ს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი 20 ქულით და 7 მოხსნით ჯეილენ ბრაუნი იყო. არ უთამაშია წინა მატჩში დაშავებულ ჯეისონ ტატუმს. 15 ქულა, 2 მოხსნა და 8 ასისტი იყო კემბა უოკერის ანგარიშზე. იაპონიის ნაკრებში 10 ქულას მხოლოდ იუდაი ბაბა ასცდა, რომელმაც მეტოქეს 18 ქულა ჩაუგდო. ვერ ჩაატარა კარგი შეხვედრა გუნდის ლიდერმა, რუი ჰაჩიმურამ, მის ანგარიშზე მხოლოდ 4 ქულა და 4 მოხსნა მოგროვდა.  

 

F ჯგუფი

გამარჯვების გარეშე დაასრულა პირველი ჯგუფური ეტაპი მონტენეგროს ნაკრებმა. ბოლო ტურის შეხვედრაში უდავო ფავორიტად ბრაზილიელები ითვლებოდნენ და ალექსანდრ პეტროვიჩის შეგირდებმა სტატუსი გაამართლეს. ბალკანელებმა ბოლომდე იბრძოლეს და შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე მხოლოდ 1 ქულით აგებდნენ, თუმცა შემდეგ ლეანდრო ბარბოსას და მარკინიოს სოუზას წყალობით ბრაზილიამ 11 ქულიანი გამარჯვება მოიპოვა 84:73. მონტენეგროელებს 16 ქულითა და 10 ასისტით ნატურალიზებულმა მოთამაშემ დერეკ ნიდჰემმა ულიდერა, მხოლოდ 8 ქულა ჩააგდო ნიკოლა ვუჩევიჩმა, 10-10 ქულა მოიპოვეს ბოიან დუბლევიჩმა და პეტარ პოპოვიჩმა. სამხრეთ ამერიკელების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი 16 ქულით, 2 მოხსნით და 6 ასისტით მარსელინიო ჰუერტასი იყო, 14 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა კრისტიან ფელისიომ ხოლო მარკინიოს სოუზას ანგარიშზე 13 ქულა იყო.  

  მომდევნო ეტაპზე გასასვლელად აუცილებელი გამარჯვება ესაჭიროებოდა საბერძნეთის ნაკრებს, თუმცა ახალმა ზელანდიამ ბერძნებს ბევრი თავსატეხი გაუჩინა. დასკვნით პერიოდს საბერძნეთი ხუთქულიანი უპირატესობით შეხვდა, და ახალ ზელანდიელებს რამდენჯერმე ჰქონდათ შანსი სხვაობა კიდევ უფრო შეემცირებინათ, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს, საბოლოოდ ბერძნებმა 6 ქულიანი სხვაობით 103:97 იმარჯვეს. გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო ამ ჩემპიონატის მთავარი ვარსკვლავი იანის ანტეტოკუნმპო იყო, მის ანგარიშზე 24 ქულა, 10 მოხსნა, 6 ასისტი და 3 ჩაჭრა მოგროვდა, 16 ქულა ჩააგდო იოანის პაპაპეტრუმ, ხოლო ნიკ კალატესის ანგარიშზე 14 ქულა, 4 მოხსნა და 5 ასისტი მოგროვდა. ახალი ზელანდიის ნაკრებში შეუდარებელი იყო კორი ვებსტერი, რომელმაც 7 სამქულიანი ჩააგდო და თავი 31 ქულას, 3 მოხსნას და 4 ასისტს მოუყარა. 18 ქულა ჩააგდო ტომ აბერკრომბიმ. 17 ქულა, 2 მოხსნა და 3 ასისტი იყო ტაი ვებსტერის ანგარიშზე.  

 

G ჯგუფი

წინა დღეებში დაგროვებული ჯავრი იორდანიის ნაკრებზე იყარა გერმანიის ნაკრებმა. ჰენრიკ როდლის შეგირდებმა მეტოქეს ოთხივე მეოთხედი მოუგეს, 96:62 გაიმარჯვეს და ხასიათი ოდნავ გამოიკეთეს. გერმანელებმა პერიმეტრიდან იორდანიას შავი დღეს აყარეს. "ბუნდესნაკრების" ანგარიშზე 16 ჩაგდებული სამქულიანი იყო. გამარჯვებულთაგან ყველაზე შედეგიანი მაქსიმილიან კლებერი იყო, მის ანგარიშზე 18 ქულა და 3 მოხსნა დაგროვდა. დენის შროდერმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 10 ქულა, 11 ასისტი. იორდანიის რიგებში აჰმედ ალ დვაირი გამოირჩა 17 ქულით. 14 ქულა და 4 მოხსნა იყო დარ ტაკერის ანგარიშზე.  

  გერმანიის ჯგუფში ჩამტოვებელმა დომინიკის რესპუბლიკამ ვერაფერი გააწყო საფრანგეთის წინააღმდეგ. ვენსან კოლიეს შეგირდებმა მესამე მატჩიც აუღელვებლად მოიგეს - 90:56.  აღსანიშნავია დომინიკელთა ტყორცნების რეალიზების ძალიან დაბალი პროცენტი - 27, ფრანგთა 57-ის წინააღმდეგ. საფრანგეთის ნაკრებს 15 ქულით და 3 ასისტით ნანდო დე კოლომ ულიდერა, 13 ქულა და 8 მოხსნა იყო რუდი გობერის ანგარიშზე. დომინიკის რესპუბლიკის ნაკრებში მხოლოდ სადიელ როხასი ასცდა 10 ქულიან ზღვარს - 12 ქულა, 3 ასისტი  

 

H ჯგუფი

ამ ჯგუფში კანადისა და სენეგალის მატჩს მხოლოდ 3-4 ადგილოსნების ვინაობა უნდა გაერკვია. აფრიკელებმა პირველი მეოთხედი 11 ქულის სხვაობით მოიგეს, მაგრამ შემდეგ კანადამ თავისი თამაში იპოვა და დარჩენილი სამივე მეოთხედში სოლიდური სხვაობებით გაიმაჯვა, საბოლოოდ 82:60 კანადელთა სასარგებლოდ. ჩრდილო ამერიკელებში კორი ჯოზეფი გამოირჩა, მის ანგარიშზე 24 ქულა, 2 მოხსნა და 3 ასისტი დაგროვდა, 13 ქულა, 5 მოხსნა და 5 ასისტი იყო კევინ პანგოსის მონაგარი, ხოლო მელვინ ეჯიმმა 11 ქულა, 8 მოხსნა და 2 ასისტი დააგროვა. სენეგალელთა რიგებში მუჰამედ ფაიემ 12 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა, 9 ქულა და 12 მოხსნა იყო მორის ნდურის ანგარიშზე.  

  სანახაობრივი მატჩი გაიმართა ლიეტუვასა და ავსტრალიას შორის. ანდრეი ლემანისის შეგირდები დიდ შესვენებაზე 11 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, თუმცა ლიეტუვამ მატჩის შემობრუნება და წინ გასვლა მაინც მოახერხა. აქ კვლავ ჩაირთო არონ ბეინსისა და პატი მილსის დუეტი, რომელბმაც გუნდს საჭირო ქულები, გამარჯვება და პირველი ადგილი მოუტანეს, საბოლოო ანგარიშია 87:82. ავსტრალიელთა შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი 23 ქულით, 2 მოხსნით და 2 ასისტით პატი მილსი იყო, 21 ქულა, 13 მოხსნა და 2 ასისტი იყო არონ ბეინსის ანგარიშზე. ლიეტუვის ნაკრებს 19 ქულით და 3 მოხსნით მარიუს გრიგონისმა ულიდერა, 15 ქულა იყო ლუკას ლეკავიჩუსის ანგარიშზე, ხოლო დომანტას საბონისმა 12 ქულას 4 მოხსნა წაამატა.  

სხვა სტატიები