Belive

კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი – დღე V (ვიდეო)

9 წთ
კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს 4 ჯგუფში პირველი რაუნდის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები დასრულდა. შემდეგ ეტაპზე გასვლა გაინაღდეს პუერტო-რიკომ და პოლონეთმა. გარდა ამისა სხვა საინტერესო მატჩებიც ვიხილეთ.

A ჯგუფი

პოლონეთისა და კოტ დ'ივუარის ნაკრების დაპირისპირება ევროპელთა სრული უპირატესობით წარიმართა. პოლონელებს მომდევნო ეტაპის საგზურის გასანაღდებლად აუცილებელი გამარჯვება ესაჭიროებოდათ, და საბოლოოდ ეს ასეც მოხდა. აფრიკელებმა რამდენიმეჯერ გაიბრძოლეს, თუმცა პოლონეთი გუნდურად უკეთ გამოიყურებოდა. საბოლოოდ 80:63 პოლონელთა სასარგებლოდ. გამარჯვებულების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ადამ ვაჩინსკი იყო, ვინც 16 ქულას 6 ასისტი წაამატა. 14 ქულა, 7 მოხსნა და 2 ჩაჭრა იყო დამიან კულიგის ანგარიშზე, ხოლო წინა მატჩის გმირმა, მათეუშ პონიტკამ 12 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა. დამარცხებულების რიგებში ყველაზე ბევრს ჩარლზ აბუო ეცადა, მის ანგარიშზე 23 ქულა, 6 მოხსნა და 2 ასისტი დაგროვდა, 18 ქულა და 6 მოხსნა იყო დეონ ტომპსონის მონაგარი.  

  კიდევ ერთ შეხვედრაში, სადაც მომდევნო ეტაპის საგზურის ბედი წყდებოდა, საოცარი დაცვა შემოგვთავაზა ვენესუელას ნაკრებმა ჩინეთის წინააღმდეგ, ფერნანდო დუროს შეგირდებმა მატჩი პირველიდან ბოლო წამამდე სრული მობილიზებით ჩაატარეს, და დამსახურებულად გაიმარჯვეს. სამხრეთ ამერიკელებმა ოთხიდან სამი მეოთხედი მოიგეს, და წარმატებაში ეჭვი წამითაც არ შეუტანიათ. ისიც აღსანიშნავია რომ ვენესუელამ ბურთი მხოლოდ 4-ჯერ დაკარგა. საბოლოო ანგარიშია 72:59. გამარჯვებულებს ჰეისლერ გუილენმა ულიდერა, მის ანგარიშზე 15 ქულა, 3 მოხსნა და 8 ასისტი იყო, 13 ქულა დააგროვა დუაიტ ლუისმა, ხოლო ნესტორ კოლმენარესი გუნდს 11 ქულითა და 7 მოხსნით შეეწია. მასპინძლებში ყველაზე შედეგიანი შუო ფანგი იყო,  13 ქულით, ხოლო იი ჯიანლიანმა 11 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა.  

 

B ჯგუფი

კარი გაიჯახუნა ნიგერიის ნაკრებმა, რომელმაც სამხრეთ კორეა არ დაინდო და 108:66 გაანადგურა. ყველაფერი მეორე მეოთხედში გადაწყდა რომელიც აფრიკელებმა 32:16 მოიგეს და შესვენებაზე 18 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. ნიგერიამ ჯგუფში მესამე ხოლო კორეამ ბოლო ადგილები დაიკავეს. ნიგერიის ნაკრებში ყველაზე შედეგიანი მაიკლ ერიკი იყო 17 ქულით და 9 მოხსნით. 16 ქულა და 9 მოხსნა იყო ვეტერანი იკე დიოგუს ანგარიშზე, ხოლო ჩიმეზიე მეტუმ 15 ქულას 9 მოხსნა წაუმატა. კორეის ნაკრებში ორმაგი დუბლით ტრადიციულად გუნა რა გამოირჩა (18 ქულა 11 მოხსნა).  

  რუსეთისა და არგენტინის მატჩში პირველადგილოსნის ბედი წყდებოდა, და საბოლოო ჯამში გამარჯვებულის ვინაობა პირადად ფაკუნდო კამპაცომ გადაწყვიტა, ორივე გუნდი დაცვაზე იყო ორიენტირებული და სამქულიანების გამოყენებაც უჭირდათ, რუსებმაც და არგენტინელებმაც მხოლოდ 4-4 სამიანი ჩაუშვეს კალათში. პირველი მეოთხედი სერგეი ბაზარევიჩის შეგირდებმა 17:12 მოიგეს, მაგრამ მომდევნო ორი 16:27 და 7:14 წააგეს, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა არგენტინელთა სასარგებლოდ და საბოლოოდ გამარჯვებაც მათ დარჩათ - 61:69. არგენტინის ნაკრებში შეუდარებელი იყო მადრიდის "რეალის" მსროლელი ფაკუნდო კამპაცო, მის ანგარიშზე 21 ქულა, 6 მოხსნა,7 ასისტი და 3 ჩაჭრა დაგროვდა, ვეტერანმა ლუის სკოლამ 13 ქულას 8 მოხსნა წაუმატა. რუსეთის ნაკრებში ყველაზე შედეგიანი ანდრეი ზუბკოვი იყო, 18 ქულით, 7 მოხსნით და 3 ასისტით, ნიკიტა კურბანოვის ანგარიშზე 13 ქულა და 4 მოხსნა დაგროვდა.  

 

C ჯგუფი

კიდევ ერთი გამსვლელის ვინაობას ერთმანეთში არკვევდნენ პუერტო-რიკო და ტუნისი. აფრიკელებმა ბევრი იბრძოლეს, შეხვედრის ბედი კი მატჩის დასრულებამდე 26 წამით ადრე, გარი ბრაუნის მიერ ჩაგდებულმა სამიანმა გადაწყვიტა. ბოლო წამებზე ტუნისელთა მიერ ნატყორცნი სამიანი კი არაზუსტი გამოდგა - 67:64 და შემდეგ ეტაპზე პუერტო-რიკო ითამაშებს. გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო იყო რენალდო ბალკმანი, მის ანგარიშზე 14 ქულა, 9 მოხსნა, 2 ასისტი, 1 ჩაჭრა და 4 ბლოკ-შოტი დაგროვდა, 10 ქულა და 2 მოხსნა იყო დავიდ ჰუერტასის ანგარიშზე. აღსანიშნავია, რომ ტუნისელთა რიგებში მხოლოდ 7 კალათბურთელი დაიტვირთა, აქედან ზიედ ჩენუფიმ მხოლოდ 4 წუთი ითამაშა და ქულა არ ჩაუგდია. საუკეთესო კი 14 ქულითა და 9 მოხსნით სალაჰ მეჯრი იყო, 14 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა ომარ აბადამ.  

  დიდ სენსაციამდე ცოტა დააკლდა ირანის ნაკრებს, რომელიც სათამაშო დროის სოლიდური  ნაწილის მანძილზე ესპანეთთან წინ იყო. სკარიოლოს შეგირდები შეხვედრის ბოლოს გამოცოცხლდნენ და გაქცევა მოაწყეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი მოულოდნელობა დაფიქსირდებოდა - 73:65, ესპანელებმა ამ ანგარიშით გაიმარჯვეს და ჯგუფიდან სამი მოგებით გავიდნენ. გამარჯვებულებში ყველაზე შედეგიანი 16 ქულით, 6 მოხსნით და 3 ასისტით მარკ გასოლი იყო, 11 ქულით და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა ხუანჩო ერნანგომესმა, ხოლო ვიქტორ კლავერმა 11 ქულას 5 მოხსნა და 3 ასისტი მიამატა. ირანის ნაკრებში ტრადიციულად ჰამედ ჰადადი გამოირჩა - 10 ქულა, 15 მოხსნა, 6 ასისტი. მოჰამედ ჯამშიდიჯაფარაბადის ანგარიშზე 15 ქულა, 3 მოხსნა და 4 ასისტი მოგროვდა ხოლო მაიკლ როსტამპურმა 13 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა.  

 

D ჯგუფი

D ჯგუფში პრესტიჟის მატჩი გამართეს ანგოლამ და ფილიპინებმა. შეხვედრა დაძაბულად წარიმართა და ოვერტაიმიც ვიხილეთ. უფრო ძლიერი ანგოლის ნაკრები გამოდგა - 84:81. აღსანიშნავია ის, რომ მატჩში 19 სამქულიანი ჩავარდა ორივე გუნდის მხრიდან. ანგოლელთაგან ვენდელისიო ხოაკიმმა 20 ქულას 7 მოხსნა დაუმატა. ორმაგი დუბლი გაიფორმა იანიკ მორეირამ - 12 ქულა 15 მოხსნა. 6 ქულა, 10 მოხსნა, 6 ასისტი და 1 ბლოკ-შოტი იყო ლეონელ პაულოს ანგარიშზე. ფილიპინებიდან ანდრეი ბლატჩი უნდა გამოვარჩიოთ ვინც ორმაგი დუბლი გაიფორმა და თავი 23 ქულას, 12 მოხსნას,2 ასისტს, 4 ჩაჭრას და 1 ბლოკ-შოტს მოუყარა. 17 ქულა, 7 მოხსნა და 3 ასისტი იყო ხაიმე პერესის ანგარიშზე.  

  დღის ცენტრალური შეხვედრა სერბეთსა და იტალიას შორის გაიმართა და მატჩი სტატუსს დიდი ხნის მანძილზე ამართლებდა, თუმცა საბოლოოდ სერბებმა მაინც მოაწყეს გაქცევა და 15 ქულიანი სხვაობით იმარჯვეს - 92:77, საშა ჯორჯევიჩის შეგირდების სასარგებლოდ. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ისაა, რომ ბოგდან ბოგდანოვიჩი გახდა პირველი მოთამაშე 1994 წლის შემდეგ ვინც ერთ მატჩში 30+ ქულას, 5+ ასისტს და  5+ ჩაჭრას მოუყარა თავი. სერბებმა აჩვენეს რომ ტურნირის მოგების ფავორიტებად სამართლიანად ითვლებიან. ტრადიციულად  შეუდარებელი იყო ბოგდან ბოგდანოვიჩი ამაზე სტატისტიკა ნათლად მეტყველებს - 31 ქულა, 4 მოხსნა, 5 ასისტი და 5 ჩაჭრა. ბოგდანოვიჩმა მატჩში 6 სამქულიანი ჩააგდო. 15 ქულა, 6 მოხსნა და 4 ასისტი იყო ნიკოლა იოკიჩის ანგარიშზე, ხოლო ნემანია ბიელიცამ ძალიან ნაყოფიერად იასპარეზა - 5 ქულა, 7 მოხსნა, 9 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკ-შოტი. "სკუადრა აძურას" დანილო გალინარიმ ულიდერა - 26 ქულა, 8 მოხსნა. 15 ქულა ჩააგდო მარკო ბელინელიმ ხოლო დანიელ ჰაკეტმა 13 ქულას მოუყარა თავი. შემდეგ ეტაპზე ასპარეზობას ორივე გუნდი განაგრძობს.  

სხვა სტატიები