Belive

კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი - დღე I (ვიდეო)

7 წთ
ჩინეთში სტარტი აიღო მსოფლიო ჩემპიონატმა კალათბურთში, სადაც 32 ნაკრები იღებს მონაწილეობას. მუნდიალი 15 სექტემბრამდე გაგრძელდება, დღეს პირველი ტურის შეხვედრები 4 ჯგუფში გაიმართა.

A ჯგუფი

52 წლიანი პაუზის შემდეგ პოლონეთმა მსოფლიო ჩემპიონატზე კვლავ მოახერხა გამარჯვების მოპოვება. ევროპელებისთვის გადამწყვეტი მომენტი მეორე ტაიმში 16:2 გაქცევა იყო, რამაც მათ ის უპირატესობა მოუტანა რაც მატჩის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა. პოლონეთს მიხალ სოკოლოვსკიმ და მატეუშ პონიტკამ ულიდერეს, პირველის ანგარიშზე 16 ქულა, 9 მოხსნა, 1 ასისტი, 1 ბლოკი და 1 ჩაჭრა იყო, ხოლო მეორემ 14 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ვენესუელის ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი პედრო ჩორიო იყო, 15 ქულითა და 4 მოხსნით, საბოლოოდ 80:69 ევროპელების სასარგებლოდ.  

  ამავე ჯგუფში მასპინძლების შეხვედრა კოტ დ'ივუართან მოსალოდნელზე რთული აღმოჩნდა. თუმცა მესამე პერიოდში ჩინელებმა მეტოქის წინააღმდეგობა 11:2 გაქცევის შემდეგ გატეხეს, და შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს 70:55. აზიელების რიგებში იი ჯიანლიანმა 19 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა, ხოლო აილუნ გუოს ანგარიშზე 17 ქულა, 9 ასისტი და 3 მოხსნა მოგროვდა. სპილოს ძვლის ნაპირის წარმომადგენლებისგან ერთადერთი კალათბურთელი შესწვდა 10 ქულას, ეს ფრანგული "რეიმსის" კალათბურთელი გაი ლანდრი ედი იყო, ვინც ქულების გარდა მონაგარს 3 მოხსნა 1 ასისტი და ერთი ჩაჭრა მიამატა.  

 

B ჯგუფი

ალექსეი შვედის გარეშე დარჩენილ რუსებს ნიგერიამ ბევრი თავსატეხი შეუქმნა.  მატჩის დასრულებამდე 31 წამით ადრე ანგარიში 75:75 იყო, თუმცა დარჩენილ დროში რუსები უფრო მობილიზებულნი აღმოჩნდნენ და ჯგუფში პირველი გამარჯვებაც მიითვალეს. რუსეთის ნაკრებმა პერიმეტრიდან 41%-იანი სიზუსტით ესროლა, ხოლო ნიგერიამ ბურთი 21-ჯერ დაკარგა. ეს ფაქტორები გადამწყვეტი აღმოჩნდა ამ მატჩში. საბოლოოდ 82:77 რუსეთის სასარგებლოდ, სადაც ყველაზე შედეგიანი 16 ქულითა და 3 მოხსნით ანდრეი კულაგინი აღმოჩნდა. 14 ქულა და 3 მოხსნა იყო ანდრეი ვორონცევიჩის ანგარიშზე. ნიგერიელებს 18 ქულითა და 3 მოხსნით "მინესოტა თიმბერვულვზის" კალათბურთელმა, ჯოშ ოკოგიემ ულიდერა.  

  დამაჯერებლად იმარჯვეს არგენტინელებმა სამხრეთ კორეის წინააღმდეგ. აღსანიშნავია რომ სამხრეთ ამერიკელთა სათადარიგო სკამმა, კორეელების სათადარიგო სკამი 41:13 დაჩაგრა, საბოლოოდ კი არგენტინამ დიდი ანგარიშით 95:69 იმარჯვა. გამოსარჩევია 39 წლის ლუის სკოლას ბრწყინვალე ასპარეზობა, ვეტერანმა კალათბურთელმა 21:30 წუთში 15 ქულა, 9 მოხსნა და 2 ასისტი მოაგროვა, გუნდში ყველაზე შედეგიანი კი "ხოვენტუდის" მცველი ნიკოლას ლაპროვიტოლა იყო 17 ქულითა და 2 მოხსნით. ტრადიციულად დამაჯერებელი იყო ფაკუნდო კამპაცო, ვის ანგარიშზეც 11 ქულა, 2 მოხსნა და 6 ასისტი მოგროვდა. სამხრეთ კორეაში სხვებზე ორი თავით მაღლა იდგა გუნა რა, ვინც ორმაგი დუბლი გაიფორმა და საბოლოო ჯამში 31 ქულა, 15 მოხსნა და 2 ბლოკ-შოტი მოაგროვა.  

 

C ჯგუფი

ჩემპიონატის ჯერჯერობით საუკეთესო შეხვედრა უდავოდ ირანსა და პუერტო-რიკოს შორის გაიმართა. კალათბურთი სწორედ იმის გამო გვიყვარს, რაც მატჩის ბოლო 46 წამში განვითარდა(იხილეთ ვიდეო). საბოლოოდ პუერტო-რიკოს უფრო გაუმართლა და ცენტრალური ამერიკის წარმომადგენლებმა ბოლო წამზე ჩაგდებული ბურთით იმარჯვეს. მათ რიგებში შეუდარებელი იყო დავიდ ჰუერტასი, რომელმაც 5 სამქულიანი ჩააგდო და საბოლოო ჯამში 32 ქულა მიითვალა, ბოლო წამებზე მას ეკუთვნის ძალიან მნიშვნელოვანი ორი შორეული ტყორცნა. ირანის ნაკრებში ჰამედ ჰადადიმ 22 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა, ასევე 22 ქულა იყო ბეჰნამ იახჩალიდეჰკორდის  ანგარიშზე, მაგრამ მათი გარჯა გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. საბოლოოდ 83:81 პუერტო-რიკოს სასარგებლოდ.  

  დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო ტურნირი ერთ-ერთმა ფავორიტმა, ესპანეთის ნაკრებმა. ტუნისთან წაგებული პირველი მეოთხედის შემდეგ ევროპელები დროულად გამოფხიზლდნენ და დარჩენილი სამი მეოთხედის მოგების შემდეგ საბოლოოდ დიდი ანგარიშით 101:62 იმარჯვეს. აღსანიშნავია ისიც რომ გამარჯვებულებმა ამ მატჩში 33-დან 17 სამქულიანი ჩააგდეს, ეს კი მოსაგებად მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. ესპანეთში გამორჩეული იყო რიკი რუბიო, ვინც 17 ქულას 9 ასისტი დაუმატა. 16 ქულა მიითვალა სერხიო ლულმა, 13 ქულა იყო ხუანჩო ერნანგომესის ანგარიშზე. ტუნისელებს 15 ქულითა და 7 მოხსნით "დალას მავერიქსის" კალათბურთელმა სალაჰ მეჯრიმ ულიდერა.  

 

D ჯგუფი

ტურნირის გახსნითი შეხვედრა ანგოლამ და სერბეთმა გამართეს. ბალკანელები ტურნირზე ვარსკვლავური შემადგენლობით იმყოფებიან და მისი მოგების ერთ-ერთ ფავორიტადაც მოიაზრებიან, ამიტომ დღეს მათი იოლი გამარჯვება არავის გაჰკვირვებია. სერბებმა მეტოქე მოხსნებში 41:19 დაჯაბნეს, ქულებში კი კიდევ უარესი დღე აყარეს და საბოლოოდ 105:59 გაანადგურეს. ნამდვილი შოუ დადგა ბოგდან ბოგდანოვიჩმა, ვინც 24 ქულა ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ მოხსნა და 3 ასისტიც გააკეთა. 14-14 ქულა მიითვალეს ნიკოლა იოკიჩმა და ნიკოლა მილუტინოვმა, ტურნირის ყველაზე მაღალმა მოთამაშემ  (221 სმ) ბობან მარიანოვიჩმა კი 12 ქულას 10 მოხსნა მიამატა და ორმაგი დუბლი მიითვალა. ანგოლას შემადგენლობაში 15 ქულით კარლოს მორაეში გამოირჩა.  

  ევროპული ნაკრებების წარმატებული სვლა განაგრძო იტალიის ნაკრებმაც. აპენინელებმა ჯერ კიდევ პირველ მეოთხედში მოუმთავრეს ფილიპინებს საქმე, რომელიც 37:8! მოიგეს. გამომდინარე აქედან მეო სეჩეტის შეგირდებს მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებიათ, საბოლოოდ კი 46 ქულიანი სხვაობა დააფიქსირეს - 108:62. იტალიელებში უშეცდომოდ იასპარეზა ლუიჯი დატომემ, ვინც 100 პროცენტიანი შედეგი დააფიქსირა (ოთხიდან ოთხი ორქულიანი, სამიდან სამი სამქულიანი) საბოლოოდ კი 17 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. 17 ქულა, 4 მოხსნა და 3 ასისტი იყო ამადეო დელა ვალეს ანგარიშზე, დანილო გალინარიმ 16 ქულას მოუყარა თავი. ფილიპინებში ანდრეი ბლატჩი გამოირჩა 15 ქულითა და 10 მოხსნით.  

სხვა სტატიები