Belive

უორენ გეტლენდი: "საქართველოში რაგბი ეროვნული სპორტია, ისინი ძალიან პროგრესირებენ..."

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრაში, საქართველოსა და უელსის დაპირისპირება შედგება. 

საქართველოსა და უელსის დაპირისპირებამდე 24 საათით ადრე, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, უელსის ნაკრების ახალზელანდიელმა მწვრთნელმა - უორენ გეტლენდმა, საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა. 

"ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ საქართველოს ნაკრებს. ისინი დიდი ხანია უკვე რაგბს ძალიან მაღალ დონეზე თამაშობენ. წლების წინ, რამდენიმე მსოფლიო თასის წინ, მათი მთავარი კოზირი მორკინალებით თამაში იყო, არ აქვს მნიშვნელობა, ბურთი სადაც არ უნდა მიეღოთ, საკუთარი 22 მეტრიანიდანაც კი მორკინალებით ამოდიოდნენ. ახლა ეს ყველაფერი შეიცვალა და ისინი ძალიან განვითარდნენ.

გასულ კვირას ფიჯისთან თამაშს ვუყურე, სამწუხაროდ, მხოლოდ პირველი ტაიმის ყურება მომიწია, რადგან თამაშისთვის ვემზადებოდით და ძალიან კმაყოფილი დავრჩი ქართველების თამაშით. ასეთ ძლიერ ფიჯისთან, ასე ძლიერად და შეუპოვრად ითამაშო, ძალიან რთულია.

დღეს დილით ვარჯიშამდე, პატარა ისტორიის გაკვეთილი გვქონდა, საქართველოს ისტორიას გადავხედე და უფრო კარგად გავერკვიე, რომ საქართველო პატარა, მაგრამ ძალიან დიდი გულის ერია. ისინი წლიდან-წლამდე იზრდებიან, მოუმატეს როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო რაგბში და 20-წლამდელებშიც უდიდესი პროგრესი აქვთ. მოკლედ რომ ვთქვა, რაგბი მათი ეროვნული სპორტია.

სწორედ ამის გამო, ჩემი ბიჭები მოედანზე პირველივე წუთიდან მოსაგებად გამოვლენ, რადგან ერთი პატარა შეცდომაც კი შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს. - უორენ გეტლენდი

უელსის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, 2022 წლის კარდიფის თამაშიც გაახსენეს, სადაც საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ამ კითხვაზე შემდეგი პასუხი გასცა. 

"ახლა ამაზე არ ვფიქრობ, ცხადია, რომ ის მძიმე დარტყმა იყო უელსური რაგბისთვის, თუმცა ახლა ამაზე ფიქრი ზედმეტი იქნება.

ეს საუკეთესო სელექციის უელსის ნაკრებია, რომელმაც ჯგუფში ყველა თამაში მოიგო და საქართველოს დამარცხებაც შეუძლია, ამიტომ მოედანზე გამოვალთ და საქართველოსთან გამარჯვებისთვის ვითამაშებთ..." - უორენ გეტლენდი

საქართველოსა და უელსის დაპირისპირება 7 ოქტომბერს, თბილისის დროით 17:00  საათზე შედგება.

სხვა სტატიები