Belive

უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაირაზმნენ | შემადგენლობა

1 წლის წინ რაგბი
6 წთ

უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ის 30 მორაგბე დაასახელა, რომლებიც მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრებიან.

ჩემპიონატი კოვიდ-პანდემიით გამოწვეული 3-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ წელს პირველად, 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით იმართება. უმცროსი ბორჯღალოსნები გ ჯგუფში მასპინძელი სამხრეთ აფრიკის, არგენტინისა და იტალიის წინააღმდეგ ითამაშებენ; ა ჯგუფში საფრანგეთი, ახალი ზელანდია, უელსი და იაპონია, ხოლო ბ ჯგუფში ინგლისი, ირლანდია, ავსტრალია და ფიჯი მოხვდნენ.

შეგახსენებთ, ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ოთხი საუკეთესო გუნდი თასისთვის აგრძელებს ბრძოლას, მომდევნო ოთხეული მეხუთე-მერვე ადგილებს, ხოლო მესამე ოთხეული მეცხრე-მეთორმეტე ადგილებს გაითამაშებს. მე-12 ადგილზე გასული გუნდი გაისად ალაფაზე დაქვეითდება, მის ადგილს კი წლევანდელი ალაფის გამარჯვებული დაიკავებს, რომელიც კენიაში 15-30 ივლისს გაიმართება.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 20-წლამდელთა ჩემპიონატზე, რომელიც 2008 წლიდან ტარდება, პირველად 2016 წელს ითამაშა, მე-10 ადგილი დაიკავა და გახდა ალაფიდან დაწინაურებული პირველი გუნდი, რომელმაც 12-გუნდა ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. 2017 და 2019 წლებში საქართველო ასევე მეათე იყო, 2018 წელს კი ჯერჯერობით სარეკორდო, მე-9 ადგილი დაიკავა.

15 ლეგიონერით

2023 წლის მსოფლიო თასისთვის უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 30 მორაგბე შეარჩია. ამას წინ უძღოდა მართვადი თამაში საფრანგეთში, ფრანგ თანატოლებთან და ორი ტესტ-მატჩი ინგლისთან თბილისში, რომელთანაც მეორეში საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა – 40:38 (პირველი შეხვედრა ინგლისის გამარჯვებით დასრულდა 41:36).

სამხრეთ აფრიკაში წამსვლელთა შორის 17 მორკინალი და 13 ხაზის მოთამაშეა. 30 მორაგბიდან 15 ლეგიონერია. გუნდში 11 ისეთი მოთამაშეა (2004 წელს დაბადებული), რომელიც 20-წლამდელთა ჩემპიონატს გაისადაც ითამაშებს. სამწუხაროდ, გვაქვს დანაკლისიც.

შემადგენლობასთან დაკავშირებით გუნდის მთავარი მწვრთნელი ლადო კილასონია ამბობს:

„ნიკა სუთიძე მთელი მოსამზადებელი პერიოდი გვერდში გვედგა, ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო და სამხრეთ აფრიკაში ძალიან დაგვაკლდება. მინდა მას დიდი მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთა. გვაქვს მიკრო-ტრავმები, თუმცა საშიში არაფერია. 19 ივნისს შემოგვიერთდება სერგო აბრამიშვილი“.

„წლების განმავლობაში 20-წლამდელთა გუნდში ასეთი მიდგომა გვქონდა – თუ მოთამაშეები მეტ-ნაკლებად თანაბარი დონის იყვნენ, არჩევანს ერთი წლით უმცროსებზე ვაკეთებდით, რაც განაპირობებდა გამოცდილი მოთამაშეების ბირთვის არსებობას მომავალი წლისთვის. როდესაც გუნდში გყავს მორაგბეები, რომლებმაც ზუსტად იციან რა დახვდებათ ტურნირზე, რა არის საჭირო სათანადოდ მოსამზადებლად, ძალიან კარგია. ამ გუნდშიც არიან ისეთი მოთამაშეები, რომლებმაც შარშან ექვსი ერის 20-წლამდელთა ზაფხულის სერიებში უდიდესი გამოცდილება შეიძინეს და ეს ძალიან გვახარებს. მათ იციან როგორია ყოველ 5 დღეში თამაში და როგორ უნდა მოემზადონ თამაშიდან თამაშამდე“.

ხარისხიანი რაგბი

უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში 13 ივნისს მიემგზავრებიან და ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს მასპინძლებთან 24 ივნისს, სტელენბოშში გამართავენ. 29 ივნისს მათი მეტოქე არგენტინა იქნება, ხოლო 4 ივლისს იტალიას ვერკინებით. ნახევარფინალური შეხვედრები 9 ივლისსაა ჩანიშნული, ფინალები კი 14 ივლისს. რომელი ადგილისთვის გააგრძელებს ბრძოლას საქართველო და ვინ იქნება მისი მეტოქე, ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით გაირკვევა.

„ინგლისთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, სამხრეთ აფრიკაში ამაღლებულ განწყობაზე, თავდაჯერებულები მივდივართ, თუმცა ისიც კარგად გვესმის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი განსხვავებული ფორმატია და მეტოქეებიც უძლიერესები არიან. ჩვენი თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, ზუსტად ვიცით, რომ ზერელედ არავინ მოგვიდგება და ყველა გუნდი მაქსიმალური მობილიზებით გვეთამაშება. ყოველ შემთხვევაში, მე რომ საქართველოს მეტოქე გუნდის მწვრთნელი ვიყო, მასთან თამაშს ორმაგი სიფრთხილით მოვეკიდებოდი“ – ამბობს კილასონია და მეტოქეების შესახებ განაგრძობს:

„ჯგუფურ ეტაპზე ძლიერი მეტოქეები გვყავს. სამხრეთ აფრიკა მასპინძელია და ყველა ჩემპიონატზე, რომელშიც აქამდე მონაწილეობდა, ჩემპიონობის ერთ-ერთ პრეტენდენტად ითვლებოდა, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე კი, გაორმაგებული მონდომებით ითამაშებს. ძალიან მაგარია ინგლისი რომ დავამარცხეთ, თუმცა იტალიასაც კარგი თაობა ყავს და 2022 წელსაც მანაც მოახერხა ინგლისის დამარცხება, თანაც ორჯერ 1 წლის განმავლობაში. მაღალი დონის, სწრაფი და მოძრავი გუნდია არგენტინა, რომელიც მეტოქეს შეცდომას პრაქტიკულად არასდროს პატიობს“.

„ასე რომ რთული თამაშები გველის და ჩვენი მთავარი მიზანი თამაშიდან თამაშამდე ხარისხის გაუმჯობესება იქნება. საფრანგეთთან და ინგლისთან მიღებული გამოცდილება ძალიან წაგვადგება, დანარჩენი კი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება“.

უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა 2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე

შერკინება: გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე), ლაშა ფხაკაძე (ნევერი), ნიკა ბაბუნაშვილი (ლელო), ბასა ხონელიძე (ორიაკი), თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), ირაკლი აფციაური (გრენობლი), ბადრი ციხისთავი (ბეიონი), დავით მჭედლიძე (ტულონი), გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), გიორგი ნიკოლაძე (აია), გიორგი გერგედავა (კლერმონი), ნიკა ლომიძე (ხარები), ლაშა ციხისთავი (ბეიონი), რატი ზაზაძე (ნევერი), ნიკოლოზ საყვარელიძე (ორიაკი), თორნიკე ღანიაშვილი (ლელო);

ხაზი: დავით ხუროშვილი (ლელო), სანდრო ჯიღაური (ლელო), ნიკოლოზ კუპრაშვილი (ყოჩები), პეტრე ხუციშვილი (ლელო), გელა ხელაძე (ლელო), ნიკოლას რაგოევი (ნევერი), გიორგი შველიძე (ბრივი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), შალვა აფციაური (ლელო), ლუკა ხორბალაძე (ლელო), ლუკა ცირეკიძე (ლელო), ვაჟა მიქაძე (ლელო), ლუკა კობაური (პერპინიანი).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

მწვრთნელები: თორნიკე ბუბუტეიშვილი, ზურა ამონაშვილი, რატი შანიძე, გიორგი ბეგაძე

ფიზ. მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი

მენეჯერი: ოთო იაშვილი

ვიდეო: შავლეგ მახარაშვილი

სამედიცინო: პაპუნა კუპრაშვილი, რომან სახოკია, ირაკლი შაორშაძე

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები